საქართველოდან დისტანციურად მუშაობის მსურველებმა ჯანმრთელობის დაზღვევა უნდა წარადგინონ,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოდან დისტანციურად მუშაობის მსურველები stopcov.ge-ზე არსებული აპლიკაციით ისარგებლებენ, სადაც განცხადების შევსებისას არგუმენტირებულად დაასაბუთებენ, რომ შეუძლიათ საყოფაცხოვრებლო ხარჯების საკუთარი სახსრებით დაფარვა.
„მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ გამოთქვა ინიციატივა, გასული პერიოდის განმავლობაში, შესთავაზოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში კონკრეტული პერიოდით მოგზაურობა და დისტანციურად მუშაობის საშუალება, რაც ინოვაციური პროექტი იქნება ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიისთვის.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა აძლევს საშუალებას 95-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეს და ბინადრობის მქონე ადამიანს, საქართველოში იმოგზაუროს, იმუშაოს დისტანციურად და რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია აღმოაჩინოს ის უნიკალური ტურისტული ადგილები და ლოკაციები, რომელიც ჩვენ ქვეყანაშია.
აღნიშნული ქვეყნების 3 კატეგორიის ადამიანს, იქნება ეს თვითდასაქმებული, სრული განაკვეთით დასაქმებული თუ მეწარმე, ექნება საშუალება stopcov.ge-ზე არსებული აპლიკაციით, ისარგებლოს.
მათ უნდა შეავსონ განაცხადი. ველები საკმაოდ მარტივი და გასაგებია, რაც გულისხმობს ადამიანის პირადი ინფორმაციის შევსების ველებს, ასევე არგუმენტირებულად დასაბუთებას, რომ მათ ფინანსურად აქვთ შესაძლებლობა უზრუნველყონ მათი საქართველოში ყოფნის პერიოდში ყველა ის საცხოვრებელი გადასახადი, რაც თან სდევს ამ პროცესს.
აღნიშნულ ადამიანებს ექნებათ საშუალება იმოგზაურონ ოჯახის წევრებთან ერთად, იქნება ეს პარტნიორი, მეუღლე თუ შვილები. ამავდროულად, ჩვენ სავალდებულოს ვხდით, რა თქმა უნდა, 12-დღიან კარანტინს, უცხო ქვეყნის მოქალაქეები თავად აანაზღაურებენ საკარანტინო პერიოდის განმავლობაში არსებულ ხარჯებს. სავალდებულო იქნება ჯანმრთლობის დაზღვა იმ პერიოდით, რა პერიოდითაც იმოგზაურებენ ჩვენ ქვეყანაში“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.