თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მხოლოდ ავტობუსების დამატებით ქალაქში კიდევ უფრო მეტი საცობი გაჩნდება, თუ მათთვის სპეციალური ზოლები არ გაკეთდა.
როგორც მან თბილისის ავტობუსების სატრანზიტო დერეფნების პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა, იმისთვის, რომ მოქალაქეებს გაჩერებებზე ლოდინი არ მოუწიოთ და ეს პრობლემა მოგვარდეს, აუცილებელია ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლების გაჩენა.
"დღეს მოქალაქეებს გაჩერებებზე უწევთ ლოდინი 15 -20 წუთი და ხშირია საუბარი იმაზე, რომ ეს პრობლემა რომ მოვაგვაროთ, დაამატეთ ავტობუსები, რატომ არ ამატებთო, მაგრამ არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ავტობუსების დამატებით კიდევ უფრო მეტ პრობლემას შევქმნით და კიდევ უფრო მეტ საცობს გავაჩენთ. დღეს თუ, პირობითად ვამბობ, 2ავტობუსი და 30 მანქანა დგას საცობში და ჩვენ კიდევ ორ- სამ ავტობუსს დავამატებთ, ეს კიდევ უფრ დიდი პრობლემის შექმნა იქნება. შესაბამისად, მოგვარების გზა არის ერთადერთი -გავაჩინოთ სპეციალური ზოლები ავტობუსისთვის, იმისთვის, რომ ადამიანებმა, რომლებიც ყოველდღიურად იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ყოველგვარი პრობლემის, დაბრკოლების გარეშე და სწრაფად შეძლოს გადაადგილება ქალაქის ერთი ადგილიდან მეორეზე“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქით, მნიშვნელოვანია ქალაქში გადაადგილების გაუმჯობესება და საგზაო სივრცეების სწორი და თანაბარი გადანაწილება.
"ეს ქალაქი არის ყველასთვის. მე მესმის კერძო ავტომობილის მძღოლების, მე თავად ვზივარ საჭესთან, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ადამიანები, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, ქვეითად მოსიარულეები, ასევე, ისინი ვინც, ველოსიპედით, სკუტერით გადაადგილდებიან. შესაბამისად, საგზაო სივრცეების თანაბარი გადანაწილება უნდა მოხდეს", - განაცხადა კალაძემ.