ხშირია საუბარი პროექტზე, რომელიც ჩვენ ჭავჭავაძის გამზირზე დავიწყეთ. ეს პროექტი ჩემი მოგონილი არ არის, ეს არის უალტერნატივო პროექტი და ყველა განვითარებულმა, დიდმა ქალაქმა ანალოგიური პროექტები განახორციელა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის ავტობუსების სატრანზიტო დერეფნების პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე პროექტი არის ერთადერთი უალტერნატივო გზა „იმ პრობლემების მოგვარების, რაც ჩვენ დღეს ქალაქში გვაქვს“.
,,2012 წლამდე თბილისში დაახლოებით 180 000-მდე კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა, 2020 წელს 600 000-ზე მეტი კერძო ავტომობილი გადაადგილდება და ეს რიცხვი არის მზარდი, რაც ჩვენი ქალაქისთვის არის სერიოზული პრობლემა. მინდა, რომ ეს რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ მივიყვანოთ ბოლომდე. ჭავჭავაძის გამზირზე გაჩნდება შესაბამისი საავტობუსე ზოლები, შეიძლება ყველა პროექტი ისე ვერ გავაკეთოთ, როგორც ჭავჭავაძე თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციითა და გამწვანებით, მაგრამ ყველა ქუჩასთან გვექნება ანალოგიური დამოკიდებულება. მეც ყოველდღიურად კერძო ავტომობილით გადავაადგილდები, მეც ისევე მიწევს საცობში ყოფნა როგორც სხვებს, მაგრამ მე ვერ ვიქნები მხოლოდ კერძო ავტომობილების მფლობელების მერი. მე ვარ მერი იმ ბებია-ბაბუების, რომლებიც ტროტუარებით გადაადგილდებიან. ვარ მერი იმ ახალგაზრდების, რომლებიც ყოველდღიურად იყენებენ ელექტროსკუტერს და ველოსიპედს. იმ მშობლების მერი, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ თავისი შვილები გაასეირნონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სექტემბერში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად იმოძრავებს და ადამიანებს ტროტუარებზე თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცემათ.
,,ჭავჭავაძის გამზირზე ტროტუარზე ადამიანი ვერ გაივლიდა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. კერძო ავტომობილს ექნება თავისი მიმართულება, საზოგადოებრივ ტრანსპორტს თავისი სივრცე, ფეხით მოსიარულებს ექნებათ შესაბამისი სივრცეები რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. ბოლო დღეებია ისმის შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ სექტემბერი მოვა და მერე ნახეთ თქვენ, მერე რა იქნება? სექტემბერში იქნება ის, რაც ხდებოდა წლების წინ სწავლის დაწყების პერიოდში მაგრამ ერთი განსხვავებით - საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს უპრობლემოდ, ყოველგვარი შეფერხების გარეშე და ადამიანები ტროტუარებზე იმოძრავებენ უპრობლემოდ, გვახსოვს ჭავჭავაძის გამზირზე სკოლების წინ რა საშინელი მდგომარეობა იყო. ეს მიმართულება, რომელიც ჩვენ გვაქვს დაწყებული სჭირდება თბილისს და თბილისელებს, დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება მხარდაჭერა და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, რომ ეს ქალაქი იყოს ყველასი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.