ახალი საგანმანათლებლო რესურსები ბუნებრივი კატასტროფების შესახებ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ“ პროექტის ფარგლებში, ორდღიანი, შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას შვიდწლიანი პროგრამისთვის შერჩეული ყველაზე მოწყვლადი ათი მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის, პროექტის ფარგლებში, შემუშავდა კატასტროფის რისკის შემცირების ძირითადი საფუძვლების შესახებ საგანმანათლებლო რესურსები, რომელთა წარდგენა და განხილვა დაინტერესებულ მხარეებთან მოხდა. შეხვედრას დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმძღვანელები, აღმზრდელები, საჯარო სკოლის დირექტორები, სამოქალაქო განათლებისა და გეოგრაფიის მასწავლებლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე კატასტროფის რისკის შემცირების განმსაზღვრელი ფაქტორები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ შვიდ საფრთხეზე, კერძოდ, გვალვა, სეტყვა, წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი, ხანძარი და ძლიერი ქარი. პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ საქართველოს და შვედეთის მთავრობების, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კომპონენტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს.