პროკურატურამ მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით, ჯგუფურად დაუფლების და მითვისების ფაქტზე - თ.ზ.-ს, ლ.ს.-ს, თ.ჯ.-ს და ლ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს თ.ზ.-მ დააფუძნა შპს „დელუქს ისანი“, რომლის საქმიანობას წარმოადგენდა სამშენებლო ბიზნესი. თ.ზ.-მ 2018 წლის დასაწყისში დაიწყო ქ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა. თ.ზ.-მ და ლ.ს.-მ 2018 წლის იანვარში, შპს „დელუქს-ისნის“ მთლიანი ქონება დატვირთეს პირველი რიგის იპოთეკით. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, თ.ზ.-მ, ლ.ს.-მ და ლ.ბ.-მ სხვადასხვა მოქალაქესთან გააფორმეს უძრავი ნივთის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებები და დაარწმუნეს ისინი, რომ უძრავი ქონება ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო იყო, რაც წერილობით ხელშეკრულებებშიც მიუთითეს. სინამდვილეში მოქალაქეებთან ხელშეკრულების გაფორმების დროს, აღნიშნული ქონება უკვე იყო პირველი რიგის იპოთეკით დატვირთული. ამასთანავე, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, 2018 წლის ოქტომბრიდან თ.ზ.-მ და ლ.ს.-მ უძრავი ქონება დატვირთეს მეორე რიგის იპოთეკით, რის შედეგადაც, მათ მეორე რიგის იპოთეკარებთან გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადები დაარღვიეს. თ.ზ.-მ პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, კომპანია შპს „დელუქს-ისანი“ თავის მეგობარ თ.ჯ.-ზე გაასხვისა.
„შპს „დელუქს-ისნის“ ახალმა დირექტორმა თ.ჯ.-მ მინდობილობა გაუფორმა ა.ა,-ს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა მოქალაქესთან აფორმებდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებს, რა დროსაც ერთი და იმავე ბინებს ასხვისებდა, ზოგიერთ სართულზე კი ყიდდა იმაზე მეტ ბინას, ვიდრე რეალურად კომპანიას გააჩნდა. აღნიშნული ქმედებით ა.ა. მოტყუებით დაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, ხოლო შპს „დელუქს ისნის“ დირექტორმა თ.ჯ.-მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა საზოგადოების კუთვნილი 336 820 ლარი.
სამართალდამცველებმა თ.ზ., ლ.ს. თ.ჯ. და ლ.ბ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 27 და 28 აგვისტოს დააკავეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროკურატურამ თ.ზ.-ს, ლ.ს.-ს და ლ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით) და თ.ჯ.-ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მითვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარუდგინა. ა.ა.-ს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით) 2020 წლის 11 ივლისს და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.
პროკურატურა ბრალდებულების - თ.ზ.-ს, ლ.ს.-ს, თ.ჯ.-ს და ლ.ბ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართავს.