ვირის რძით დამზადებული საპნები შესაძლოა, ექსპორტზე გავიდეს. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელმა მაია დევნოზაშვილმა „ბიზნესპრესნისუთან“ საუბრისას განაცხადა, დაინტერესება ერთ-ერთი ქვეყნიდან წამოვიდა და მათივე სურვილით, საქართველოდან პროდუქციის ექსპორტს თავადვე, სავარუდოდ, შემოდგომაზე განახორციელებენ.
რაც შეეხება კომპანიის სიახლეებს, როგორც მაია დევნოზაშვილი ამბობს, „დემამ“ ახალი სახეობების წარმოება დაიწყო. საუბარია, საბავშვო საპნებსა და კოსმეტიკურ საშუალებებზე.
ცნობისთვის, საპნების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ განსაკუთრებული ყურადღება ვირის რძით დამზადებული საპნებით მიიპყრო. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, პროდუქცია ბებიის რეცეპტით მზადდება, რომელსაც სხვადასხვა სახის მცენარეებზე დამზადებული სამკურნალო მალამო ემატება.
საოჯახო ტიპის საწარმო ბოლნისის რაიონის სოფელ ბალიჭში მდებარეობს და გარდა საპნებისა, სარეცხ საშუალებასაც უშვებს, რომელიც ანტიალერგიულია.
მაია დევნოზაშვილის თქმით, თავდაპირველად პროდუქცია მხოლოდ ოჯახისთვის, სახლის პირობებში მზადდებოდა, თუმცა 2016 წლიდან, მას შემდეგ, რაც კომპანიამ 5000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა, უკვე მცირე ბიზნესად იქცა.
საწარმოში, რომლის შენობაც ოჯახის საკუთრებაა, ჯერჯერობით მხოლოდ თავადვე მუშაობენ.
კომპანიის მიერ წარმოებული მყარი საპნები ყოველდღიური ჰიგიენური მოხმარებისთვის არის განკუთვნილი. მისი დამზადებისთვის კი მაია დევნოზაშვილი გვირილას, კურკუმას, თავშავას, პიტნას, ცაცხვს, ჭინჭარს და სხვა მრავალ ცენარეს იყენებს. რაც შეეხება ნედლეულს, მცენარეები, ასევე, ვირის რძე ადგილობრივია, კომპანიას მხოლოდ ზეითუნის ზეთი შემოაქვს ესპანეთიდან.
„ჩვენი კომპანია საბავშვო ხაზს მანამდეც აწარმოებდა, თუმდა დავამატეთ სხვადასხვა ტიპის კანისთვის საჭირო სახეობები. ასევე, უკვე ვაწარმოებთ შიის კარაქზე დამზადებულ საპნებს, სახის გამწმენდ მიცერალურ სითხეს და ტუჩის ნატრალურ საცხს. ამ ეტაპზე, უკვე ჯამში 34 სახეობის პროდუქციას ვამზადებთ.
რაც შეეხება ღირებულებას, საპნების ფასი 6-დან 15 ლარამდე მერყეობს, სახის გამწმენდი 10-12 ლარი, ხოლო ტუყჩსაცხი 10-დან 15 ლარამდე ღირს“,-ამბობს მაია დევნოზაშვილი.
მისივე ინფორმაციით, კომპანიამ გააფართოვა გაყიდვების არეალიც და „დემას“ პროდუქცია გარდა საკუთარი ონლაინ პლატფორმისა, „ვენდუზე, ტურისტულ მაღაზიებსა და ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელშიც იყიდება.
„ჩვენ ასევე გავაფართოვეთ საწარმოც, თუმცა დასაქმებულები არ დაგვიმატებია. პანდემიის გამო, ეს ჯერ ვერ მოვახერხეთ. ზოგადად, კორონავირუსი ჩვენზეც ნეგატიურად აისახა, ისევე როგორც ყველა სხვა ბიზნესზე. მოგება ძალიან შეგვიმცირდა.
რაც შეეხება გეგმებს, უცხოეთიდან წამოვიდა დაინტერესება. ერთ-ერთმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოდან ექსპორტი თავადვე განახორციელოს. სანამ თანამშრომლობა ოფიციალიურად არ შედგება ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით, რომელი ქვეყანაა, თუმცა, სავარაუდოდ, ფრენები როგორც აღდგება, პირველი პარტია შემოდგომაზე გავა“,- ამბობს მაია დევნოზაშვილი.