„შუხმაინ ვაინი“ - ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის 50%-იან შემციცირებას ექსპორტით ვაბალანსებთ

ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის 50%-იან შემციცირებას მეღვინეების ნაწილი ექსპორტით აკომპენსირებს. როგორც კომპანია „შუხმან ვაინის“ დირექტორი ნუცა აბრამიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ პანდმიის პირობებმა ბიზნესზე შესაბამისი ნეგატიური გავლენა იქონია, რთველი და ექსპორტი ჩვეულ რეჟიმში მაინც გაგრძელდება.

ნუცა აბრამიშვილი: „ძირითადად, ჩვენი ვენახების მოსავალი უნდა ავიღოთ. გვაქვს გარკვეული ზარალი, რომელიც გამოიწვია 3 კვირის წინანდელმა ძლიერმა სეტყვამ კახეთში, მაგრამ ძალიან კარგია, რომ დაზღვევის კომპონენტი არსებობს და საბოლოო ჯამში, დიდი ზარალი არ გვექნება.

ზოგადად კი, ჩვენ მიკროზონაში შეძლებისდაგვარად კარგ ყურძენს ველოდებით, რაც შემდგომ კარგი ხარისხის ღვინოზე აისახება. რაც შეეხება რაოდენობას, ყოველწლიურად მილიონ ნახევარი ბოთლი ღვინო და 25-ზე მეტი საექპორტო ქვეყანა არის ჩვენი მიზანი. შესაბამისად, მომავალ და წლევანდელ წელსაც ეს ტენდენცია შენარჩუნდება. ჩვენ ძირითადად გავდივართ ჩინეთში, ევროპაში, აშშ-ში, ბალტიის ქვეყნებში, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთში, უკრაინაში. ეს არის ჩვენი ძირითადი საექსპორტო ბაზრები, სადაც შეფერხება არ გვქონია. იქიდან გამომდინარე, რომ დივერსიფიკაცია არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება, შეძლებიდაგვარად ვაბალანსებთ ეპიდემიისგან გამოწვეულ ზარალს“.

„შუხმან ვაინის“ დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე სირთულეს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია წარმოადგენს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია საქართველოში საკუთარი პროდუქციის მხოლოდ 5%-ის რეალიზაციას ახდენს, ამის კომპენსირება ექსპორტით ხდება.

„სირთულეა მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი, სადაც რეალიზაციის მიმართულებით 50%-ანი შემცირება გვაქვს. რიგი მოვლენებიდან გამომდინარე, ქვეყანაში არ შემოდის ტურისტი, ეს მაშინ, როდესაც ქართულ ღვინოს ძირითადად საქართველოში ვიზიტად მყოფი უცხოელები ყიდულობდნენ. თუმცა, ჩვენთვის ადგილორივი ბაზარი არის საიმიჯო. ფაქტობრივად, მხოლოდ 5%-ს ვყიდით საქართველოში, ხოლო 95% გადის ექსპორტზე. ვთვლით, რომ ქართული ბაზარი არის მცირე, დაბალი მსყიდველობითუნარიანი, შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარს ვუყურებთ მხოლოდ როგორც საიმიჯოს. რა თქმა უნდა, აქაც შევინაეჩუნებთ გაყიდვებს, მაგრამ უფრო მეტად გააქტიურებული ვართ ტურიზმის, გასტორონომიის, ველნესიის მიმართულებით“,-ამბობს ნუცა აბრამიშვილი.

ნინი ქეთელაური