ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ლიაონინგის პროვინციაში ასობით კუნძული გაქირავდება.
CNN-ის ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლებას სურს პანდემიით მიყენებული ეკონომიკური ზარალის ფონზე ახალი მულტიფუნქციური ზონა შექმნას.
გამოცემის ცნობით, ლიაონინგის პროვინციაში, ყვითელ ზღვაში ასეთი სულ 633 კუნძულია, რომლებიც სხვადასხვა ზომისაა. მათგან მხოლოდ 44-ია დასახლებული, 589 კი ამ დრომდე უკაცრიელი და აუთვისებელია.
კუნძულების გაქირავების ფასი 1 წლის განმავლობაში თითოეულ ჰექტარზე 3 700 იუანიდან (535 აშშ დოლარი) დაიწყება. მათი მაქსიმალური გადასახადი კი 25 მილიონი იუანი (3.6 მილიონი დოლარი) იქნება. ფასი დამოკიდებული იქნება კუნძულის მდებარეობასა და ფუნქციაზე, რომლეიც მას მომავალში ექნება.
როგორც ცნობილია, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ ჩინეთის ხელისუფლების მიერ დადგენილი სფეროებიდან ერთ-ერთი აირჩიონ. ესენია- ტურიზმი, სოფლის მეურნეობა. თევზჭერა, განახლებადი რესურსები და წარმოება. მათ წინასწარ უნდა წარადგინონ საკუთარი გეგმა, რის შემდეგაც კუნძულები დროებით მფლობელობაში გადაეცემათ.
ამასთან, მათ უნდა დაამტკიცონ, რომ კუნძულზე წამოწყებული მშენებლობა, თუ სხვა საქმეები გარემოს ზიანს არ მოუტანს და კუნძულების ბიომრავალფეროვნებას საფრთხეს არ შეუქმნის.
აღსანიშნავია, რომ კუნძულების უმეტესობაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა და მდიდრული ვილები აშენდება.