ინდურმა ტურისტულმა კომპანია Adventures Overland-მა გადაწყვიტა უჩვეულო და დაუვიწყარი ტურისტული მარშრუტი შეედგინა, რომლის მსგავსიც ჯერჯერობით არ განხორციელებულა.
ტური ინდოეთის დედაქალაქ დელიდან დაიწყება და 70 დღის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში, ლონდონში გაჩერდება. გზად კი ისინი 18 ქვეყანას გაივლიან. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ინდოეთიდან ისინი ჯერ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს მოინახულებენ, შემდეგ კი ჩინეთისა და რუსეთის გავლით ევროპის ქვეყნებში გააგრძელებენ მოგზაურობას. ბოლოს კი ბელგიიდან გაერთიანებულ სამეფო გადავლენ.
საერთო ჯამში, მოგზაურებს 20 000 კილომეტრის გავლა მოუწევთ კომფორტული ავტობუსით, რომელიც შორ მანძილზე გადაადგილებისთვის სრულიად ადაპტირებულია. ტურის იდეა Adventures Overland-ის 2 გიდს, ტუშარ აგარვალსა და სანაი მადანს გაუჩნდათ, რომლებიც მსოფლიოს გარშემო საკმაოდ ბევრს მოგზაურობენ. ისინი აცხადებენ, რომ ყველა დეტალი გათვლილი აქვთ და მოგზაურობა დაუვიწყარი იქნება.
მათი თქმით, პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობის გამო ტური დროებით გადაიდო და 2021 წლის აპრილიდან ივლისამდე შედგება. ტური სულ 20 ადამიანზეა გათვლილი. ლონდონში ჩასვლის შედეგ კი, გზის უკან გავლას დამატებით 20 მსურველი შეძლებს. რაც შეეხება მგზავრობის ფასს, ის 20 000 აშშ დოლარს შეადგენს. აგარვალი და მადანი აცხადებენ, რომ ტურით დაინტერესება ძალიან დიდია და მასში მონაწილეობის სურვილი უკვე 40 000-მა ადამიანმა გამოთქვა.