სებასტიან მოლინეუსი - პროექტი „Log-in Georgia“ ხელს შეუწყობს ფინანსურად ხელმისაწვდომი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებას

პროექტი „Log-in Georgia“ ხელს შეუწყობს ფინანსურად ხელმისაწვდომი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებას, რაც ნიშნავს ფოკუსირებას ციფრულ ინფრასტრუქტურაზე, საშუალო ფაზის ქსელების შექმნაზე და ინტერნეტპროვაიდერების წახალისებაზე“, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა პროექტ „Log-in Georgia“-ზე საუბრისას განაცხადა.

სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, პროექტის ფარგლებში 500,000 ადამიანი ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირებას შეძლებს.

„მეტად მოხარული ვარ, დღეს წარმოგიდგინოთ ახალი პროექტი სახელწოდებით Log-in Georgia, რომელიც მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის, კერძოდ, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა და განხორციელდება.

მსურს ხაზი გავუსვა ამ პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რადგან ჩვენ მიზნად ვისახავთ 1000 სოფლის და 500 000 ადამიანის ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირებას, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში.

ჩემი აზრით, ეს პროექტი წარმოგვიდგენს ორ მნიშვნელოვან შესაძლებლობას:

პირველი - ის ხელს შეუწყობს მეტად მნიშვნელოვანი გამოწვევის დაძლევას, რომლის წინაშეც ვდგავართ საქართველოში, ეს არის ქვეყანაში არსებული ეკონომიკური დუალიზმი. მაგალითად, ვისურვებდი, რომ როგორც ახლა მე შემიძლია ინტერნეტში ნავიგაცია და თბილისში ღია ცის ქვეშ პარკში მუშაობა, იგივე შესაძლებლობა ჰქონდეს თითოეულ მოქალაქეს სოფლებსა და მაღალმთიან დასახლებებშიც.

მეორე - ჩემი აზრით, ამ პროექტიდან გამომდინარე რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური შესაძლებლობა არსებობს, როგორიცაა მეწარმეობის ხელშეწყობა - ხელოსნები შეძლებენ პროდუქციის „ონლაინ“ ყიდვა-გაყიდვას; ასევე, მაგალითად ფიზიკური პირები შეძლებენ ინდივიდუალური ტურისტული კომპანიის შექმნას, რათა გააქირავონ საკუთარი სახლი ან ტურისტებს სხვა სახის სერვისები შესთავაზონ.

ზოგადად მიმაჩნია, რომ „ინტერნეტიზაციას“, მნიშვნელოვანი სამუშაო შესაძლებლობების უზრუნველყოფით, შეუძლია არსებითი ეკონომიკური სარგებლისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის მოტანა საქართველოსთვის და მისი მოსახლეობისთვის.

ახლა, მოკლედ წარმოგიდგენთ პროექტს, ის ძირითადად 3 კომპონენტისგან შედგება:

პირველი კომპონენტი - პროექტი ხელს შეუწყობს ფინანსურად ხელმისაწვდომი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებას, რაც ნიშნავს ფოკუსირებას ციფრულ ინფრასტრუქტურაზე, საშუალო ფაზის ქსელების შექმნაზე და ინტერნეტპროვაიდერების წახალისებაზე, რათა მათ მოსახლეობას ინტერნეტმომსახურება ხელმისაწვდომ ფასად გაუწიონ. ასევე გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი დარგობრივი პოლიტიკის და რეგულირების კომპონენტი, ინტერნეტის ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

მეორე კომპონენტი - ეხება ინტერნეტის გამოყენებას, რაც ჩემი აზრით განსაკუთრებულ ხაზგასმას იმსახურებს. და ეს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მიმდინარე COVID-19 -ის კრიზისის კონტექსტში. დავფიქრდეთ შესაძლებლობაზე, რასაც ინტერნეტი იძლევა დისტანციური და ელექტრონული სწავლებით საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ასევე, აღსანიშნავია შესაძლებლობა, რომელსაც ტელემედიცინა აძლევს ადამიანებს განსაკუთრებით სოფლებში; შეიძლება დაფიქრება სხვა სახის გამოყენებაზე, როგორებიცაა ციფრული საფინანსო სერვისები, რომლებიც შეასრულებს ძალზე მნიშვნელოვან როლს წინსვლაში.

მესამე და ბოლო კომპონენტი - პროექტის განხორციელების პროცესში Open Net -ის ინიციატივის მხარდაჭერა და მონიტორინგის, შეფასების, ტრენინგის და შესაძლებლობების განვითარების უზრუნველყოფა“,-განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.