2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა 68 პარტიამ თუ მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ და აქედან რეგისტრაციაზე უარი მხოლოდ ცხრას ეთქვა. პარტიების სიმრავლე საარჩევნო მარათონში არც აქამდე გვიკვირდა და მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა პარლამენტში ერთხელაც არ მოხვედრილა, ტრადიციულად, წინასაარჩევნოდ კვლავ გვახსენებენ თავს. თუმცა ამ შემთხვევაში ვითარება განსხვავებულია და პარლამენტში მოხვედრის პრეტენდენტთა სიმრავლეც სახეზეა მმართველიგუნდის დაშლისა და ახალი პარტიების შექმნის ფონზე. ერთი ასეთი პარტია ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრმა კახა ოქრიაშვილმა ბიზნესმენ ძმებ ჩოჩელებთან ერთად ჩამოაყალიბა. ოთხგზის დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა პროპორციულ საარჩევნო სისტემას და ახლაც მიაჩნია, რომ 2024 წლიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა შეცდომაა. რატომ გადაწყვიტა პარტიის შექმნა, ვისთან აპირებს თანამშრომლობას და რას პასუხობს იმ პოლიტიკოსებს, ვინც მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში წამლების გაიაფებას ჰპირდება?
- ამ თემებზე "კვირის პალიტრა" პარლამენტის წევრს, პარტია "პროგრესი და თავისუფლება" დამფუძნებელს კახა ოქრიაშვილს ესაუბრა:
- პარტიის ჩამოყალიბება იმიტომ გადავწყვიტე, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, ფაქტობრივად, გაუქმებულია. ამ არჩევნებში 120/30-ზე პროპორციით მანდატების მხოლოდ 20% მოდის მაჟორიტარების წილად. მომდევნო, 2024 წლის არჩევნებში მაჟორიტარული კვოტა საერთოდ უქმდება და პოლიტიკური სივრცე ძალიან ვიწროვდება. იმას ვგულისხმობ, რომ აიკრძალება ბლოკების ჩამოყალიბება, აღდგება 5%-იანი ბარიერი, რითაც მაქსიმალურად შემცირდება კონკურენცია პოლიტიკურ ველზე, ეს კი ნამდვილად არ არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ მოცემულობას ისიც ემატება, რომ ჩვენთან დახურული პროპორციული არჩევნები იმართება.
მოგეხსენებათ, არსებობს როგორც დახურული, ისე ღია პარტიული სიები. დახურულია ისეთი სია, როგორიც ჩვენთან დგება, როცა სიებს პარტიული ბოსები ადგენენ და თავად ანიჭებენ ნომერს ამა თუ იმ კანდიდატს. განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში კი, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, თავად ამომრჩეველი ანიჭებს კანდიდატს საარჩევნო ბიულეტენში ხმის მიცემით უფლებას, წარმოდგენილი იყოს პარლამენტში კონკრეტული პარტიის სიით. შესაბამისად, პარლამენტში სწორედ ის პირები ხვდებიან, ვინც ამომრჩევლის მეტ ხმასა და ნდობას დაიმსახურებს. ასეთი სისტემის გამო პარტიის ლიდერმა შესაძლოა ვერც მოიპოვოს ხმათა საჭირო რაოდენობა და ვერც მოხვდეს პარლამენტში. რა თქმა უნდა, ასეთი საარჩევნო სისტემა ბევრად დემოკრატიულია და ძალიან მიკვირს, რომ ჩვენთან ასეთი ჩამორჩენილი, ფაქტობრივად, დახურული, კონკურენციისგან დაცლილი საარჩევნო სისტემა ჩამოაყალიბეს.
- ვისგან გიკვირთ?
- აღარაფერი მიკვირს უკვე ამ ქვეყანაში, მაგრამ არ მომწონს და რაც არ მომწონს, ან მანამდე არ მომწონდა, ყოველთვის ვამბობდი.
- მაშინ მითხარით, რა არ მოგწონდათ ყველაზე მეტად ბოლო რვა წლის განმავლობაში?
- შემიძლია იმაზეც გელაპარაკოთ, რა არ მომწონდა წინა ხელისუფლების ცხრაწლიანი მმართველობის დროს.
- ეგ უკვე აღარ არის აქტუალური, რადგან ეს ხელისუფლება დაახლოებით იმდენივე ხანია მართავს ქვეყანას.
- პირველ რიგში, უძრაობა არ მომწონს, ქვეყანას დრაივი არა აქვს, მთავრობამ წინსვლისა და განვითარების ბიძგი უნდა მისცეს სახელმწიფოს. აბა, აიღეთ იმ ხელისუფლების ცხრაწლიანი მმართველობა, რომელიც რაღაცაში კარგი იყო, რაღაცაში კი ცუდი. ყველაზე ცუდ შემთხვევაში მაშინ ეკონომიკური ზრდა, აგვისტოს ომის პერიოდს თუ არ ჩავთვლით, 7%-ს, ხოლო კარგ შემთხვევაში 12%-მდე აღწევდა, ახლა კი 2-4%-ის ფარგლებშია, რაც ნიშნავს, რომ ადგილზე ვდგავართ, ან თუ გნებავთ, დავრბივართ, მაგრამ ერთ ადგილას.
- პანდემიამ ხომ შეაფერხა ეკონომიკური ზრდა?
- პანდემიამდე პერიოდზე გელაპარაკებით. გადახედეთ მონაცემებს - 2019 წლამდე მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა 4,5-5% იყო, მაშინ როცა ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვჭირდება. მინიმუმ 7-8% უნდა იყოს, რომ ჩვენისთანა ქვეყანას რამე დაეტყოს.ასევე არ მომწონს ზოგიერთი გაუმჭვირვალე პროცესი, ერთპიროვნული მმართველობა; ძალიან არ მომწონს და მეტიც, კატასტროფულად ვაფასებ "გავრილოვის დილას". სწორედ რომ დილას და არა ღამეს, როგორც უწოდეს. ეს იყო "გავრილოვის დილა", როცა ის ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველ სავარძელში ჩავსვით. მეგონა შეცდომა, რაღაც სისულელე მოხდა და თურმე დაგეგმილი ყოფილა. ისინი, ვინც ეს დაგეგმა, ფიქრობდნენ, რომ ასეთი რამ ნორმალურია. მაშინ ბაქოში ვიყავი ვიზიტით, პარლამენტში ვიჯექი, ეს რომ გავიგე და ძალიან შეურაცხყოფილი დავრჩი. ეს იყო ჩემთვის ძალიან მძიმე ფაქტი, არც მინდა ვთქვა, რა შეფასებას ვაძლევ.
- ამ ბოლო რვა წლის განმავლობაში არაერთხელ გახსენებდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" "გადაპორტირდით" მმართველ პარტიაში, ახლა, როცა "ქართული ოცნებაც" დატოვეთ, ნანობთ იმ დროს გადადგმულ ნაბიჯს?
- არც ერთი პარტიისა და პოლიტიკური გუნდის წევრი არ ვყოფილვარ, თუმცა მათი მოკავშირე ვიყავი. 2004 და 2008 წლების მოწვევების პარლამენტში მოვხვდი როგორც საინიციატივო ჯგუფის მიერ არჩეული დამოუკიდებელი პოლიტიკოსი. არც ერთი პარტია მხარს არ მიჭერდა და ასე დავამარცხე არჩევნებში მაშინდელი გენპროკურორის მოადგილე. 2008 წლამდე არ გავერთიანებულვარ არც ერთ ფრაქციაში, ვიყავი უპარტიო და უფრაქციო დეპუტატი. შემდეგ კი, როგორც დამოუკიდებელი ფიზიკური პირი და არა პარტიის წევრი, დიახ, ვუჭერდი მხარს "ნაციონალურ მოძრაობას" და ვიყავი მისი მოკავშირე. რატომ? 2005 წლამდე არ მომწონდა "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ შემდეგ იმდენი რამ გააკეთეს, ისეთი რეფორმები გაატარეს, ქვეყანა ქვეყანას დაამსგავსეს და დიახაც, ვიყავი მათი მოკავშირე. რა თქმა უნდა, ბევრი რამ არ მომწონდა და სხვათა შორის, მაშინაც ვაკრიტიკებდი. მაშინაც იყო ორი შემთხვევა, როცა დეპუტატებს შეუჩერეს უფლებამოსილება და სურდათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცათ. არც მაშინ მივეცი ხმა, როგორც ნიკა მელიას შემთხვევაში. მაშინაც ვეწინააღმდეგებოდი პოლიტიკური ნიშნით ხალხის დასჯას, ბიზნესმენებზე ძალადობას, ვაკრიტიკებდი, რომ არ იყო დაცული საკუთრების უფლება და ა.შ. თუმცა ჩემთვის ცოცხების ამბავი იყო ბოლო წვეთი. ასე რომ, არც ერთ პარტიასთან არ მივსულვარ და მიღება არ მითხოვია, ყოველთვის ვიყავი დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი, მაჟორიტარი. ასეთადაც დავრჩებოდი, რომ არ გაეუქმებინათ სრულად მაჟორიტარული კვოტა. რომ გააუქმეს, ამიტომ შევქმენით პარტია "პროგრესი და თავისუფლება". ვნახოთ, ვცდით და იმედია, გავამართლებთ ჩვენი ამომრჩევლის იმედს.
- ცოტა ხნის წინ მსოფლიო ბანკმა საქართველოში საწარმოთა კვლევა გამოაქვეყნა. გამოიკითხა 600-მდე სხვადასხვა კომპანიის მფლობელი და მაღალი რანგის მენეჯერი. კვლევის მიხედვით, 144 ქვეყანას შორის საუკეთესოთა ათეულში ვართ კორუფციის დაბალი ნიშნულით და შესაბამისად, ხელისუფლება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სწორედ მან შექმნა მოსყიდვის წნეხისგან თავისუფალი ბიზნესგარემო. საინტერესოა, თქვენ თუ ეთანხმებით როგორც კვლევის შედეგს, ისე ხელისუფლების შეფასებას?
- თუ ჩვენ ამ რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზე ვართ, მაშინ სად არის ინვესტიციების ბუმი, ეკონომიკური წინსვლა, ახალი სამუშაო ადგილები, ახალი ქარხნები?დარგობრივად შეხვდით ბიზნესის წარმომადგენლებს და ნახავთ, რამდენი პრობლემა აქვთ და ამიტომაც არავის სურს რამე ახლის აშენება.ძალიან ბევრი ხელშემშლელი პირობაა და ამაში არ ვგულისხმობ საგადასახადო სისტემას.ისევ მე, ჭყონია, ჩოჩელი... სად არიან ახალი ბიზნესმენები? რატომ არავინ გამოჩნდა ახალი ამდენი ხნის განმავლობაში? ამ ხელისუფლების მმართველობის რვა წელი გავიდა, ერთი ხომ არა.სად არის ეს ხალხი, თუ ასეთი კარგი და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოა საქართველოში? მე გეუბნებით, რომ არ არის ასე.
- ხშირად ხელისუფლებას მაგალითად მოჰყავს ბიძინა ივანიშვილის მასშტაბური პროექტები.
- კი ბატონო, ერთი ინვესტორი ნამდვილად ჰყავს ამ ქვეყანას. კარგია, მაგრამ ერთი არ უნდა იყოს, ათასი ინვესტორი უნდა გვყავდეს და მაშინ აშენდება ქვეყანა. გამიხარდება, თუ საქართველოში ვინმე დააბანდებს ინვესტიციებს, მაგრამ ბოლო წლებია, ამას მხოლოდ ერთი კაცი აკეთებს და ეს თქვენც დაადასტურეთ შეკითხვაში. მე დაველოდები, როდის იქნება ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო და მაშინ დავაბანდებ ინვესტიციებს. ინვესტირება მხოლოდ ფულის ჩადება კი არ არის, თითქმის 80% ცოდნაა. როდესაც კორუფციისგან თავისუფალ ბიზნესგარემოზე ლაპარაკობთ კვლევებზე დაყრდნობით, მაშინ გკითხავთ, დღეს სასამართლო გვაქვს? არა გვაქვს და პირველი, რაც უნდა გაკეთდეს არჩევნების შემდგომ, სამართლიანი სასამართლო უნდა იყოს, ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. ბიზნეს- თუ კომერციული დავებისთვის ცალკე სასამართლო უნდა შეიქმნას. გარდა ამისა, ვფიქრობ, უნდა მოხდეს ყველა ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია. ბიზნესმენებმა აღარ უნდა დააფინანსონ არც პარტიები და არც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტები. საკმარისზე მეტად აფინანსებს მათ ბიუჯეტი. ბიზნესმენებმა კი გადაიხადონ გადასახადები ბიუჯეტში და თუ საჭირო იქნება, სწორედ ბიუჯეტიდან გაუზარდონ დაფინანსება პოლიტიკურ პარტიებს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ვაჭრობა, შენ ფული ჩამირიცხე და მე ტენდერს მოგაგებინებო.
ბიზნესმენი ანტრეპრენიორია, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის, მაგრამ იცით, როგორი სოციალური აღიარება აქვთ მათ ჩვენს საზოგადოებაში? გაგიგონიათ ოდესმე ბიზნესმენისთვის საჯაროდ ეთქვათ მადლობა, რომ, მაგალითად, ექსპორტზე გააქვს პროდუქცია ან დაასაქმა ამდენი და ამდენი კაცი? ან დაეჯილდოებინოთ, როგორც დამსახურებული ექიმი და მასწავლებელი?
ჩვენთან ბიზნესმენს უყურებენ როგორ ფულის ტომარას, რომელიც სხვების ხარჯზე მდიდრდება. შესაბამისად, არ არის აღიარებული მისი სოციალური მნიშვნელობა და თქვენ გინდათ, რომ ამ ბიზნესმენებმა ამგვარი დამოკიდებულებით ააშენონ ქვეყანა? თან შეურაცხყოფა მივაყენოთ და თან ქვეყანა ავაშენებინოთ? ასე არ გამოვა!
საქართველოს ეკონომიკა ბიზნესზე დგას. არ იქნება ეკონომიკა, იქნება სიდუხჭირე და ის სოციალური პრობლემები, რაც დღეს ჩვენი მოსახლეობის წინაშე დგას. ამიტომ აღიარება და დაფასება ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორია. სხვა შემთხვევაში არც ინვესტორები იქნებიან. იქნებიან მხოლოდ საეჭვო ტიპის ვითომ ინვესტორები.
- არაერთხელ მოგვისმენია პარტიების წინასაარჩევნო დაპირებები, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მედიკამენტებს გააიაფებენ. გამონაკლისი არც მომავალი არჩევნებია. დაპირებების მიუხედავად, წამლები წლიდან წლამდე ძვირდება. წამლებზე საუბრისას ძნელია ადამიანს თქვენი სახელი არ გაახსენდეს და, ალბათ, ძვირი წამლის ფაქტორს თქვენი პოლიტიკური კონკურენტები საარჩევნოდ თქვენს წინააღმდეგაც გამოიყენებენ.
- დღეს ფარმაცევტულ სექტორში ხუთი დიდი კომპანიაა და ჩვენ ერთ-ერთი ვართ. თუ ჩვენ ძვირად ვყიდით წამლებს, სხვა კომპანიები რატომ არ ყიდიან იაფად? საქართველოში წამლები ძალიან ძვირია, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, რადგან მათი წარმოება მაღალტექნოლოგიური, ძვირად ღირებული პროცესია. თუ მედიკამენტი ხარისხიანია და დამზადებულია ევროპული სტანდარტებით, ის ვერ იქნება იაფი. არის მედიკამენტები, რომლებიც 10 ლარი ღირს, და არის პატენტით დაცული მედიკამენტები, რომელთა ფასი 1.000-2.000 ლარია. რა თქმა უნდა, ასეთი წამლები არ არის ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის. უცხოეთში მედიკამენტები კიდევ უფრო ძვირი ღირს, მაგრამ იქაური პაციენტი ამას ვერ გრძნობს, რადგან მას შეძენაში დაზღვევა ეხმარება. ეს არის მთავარი გზა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.
ჩვენს პოლიტიკურ ძალას მიაჩნია, რომ საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომელიც ახლა მოქმედებს, უნდა გადაკეთდეს საყოველთაო სავალდებულო-სამედიცინო დაზღვევად ფარმაცევტული კომპონენტით. დაახლოებით 60-70 ლარი ჯდება ერთი ოჯახის კარგი სადაზღვევო პაკეტი ფარმაცევტული კომპონენტით. იმ ოჯახებმა, ვისი შემოსავალიც 1.200 ლარი და მეტია, თავად უნდა შეიძინონ ეს სადაზღვევო პაკეტი. იმ ოჯახებისთვის, ვისი შემოსავალიც 1.200 ლარზე ნაკლებია, უნდა დაწესდეს თანაგადახდა, სადაც სადაზღვევო პაკეტის ნაწილს სახელმწიფო გადაიხდის, ნაწილს კი თავად დაზღვეული.მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად სოციალურ ფენას სახელმწიფომ სრულად უნდა დაუფაროს სადაზღვევო პაკეტის ღირებულება, თანაც მედიკამენტების 90-95%-იანი თანაგადახდის კომპონენტით და მოსახლეობა სიმბოლურ ფასად შეიძენს წამლებს. საყოველთაო-სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა მოსახლეობისთვის სახელმწიფო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს და იმისთვის, რომ არც სახელმწიფო დაზარალდეს და არც კერძო სექტორი, წამლების შეძენა უნდა მოხდეს ონლაინაუქციონზე წლიური კონტრაქტებით, ყველაზე დაბალი ფასით.
გარდა ამისა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც თურქეთმა ბოლო 30 წელიწადში: სტრატეგიულ ამოცანად უნდა დავსახოთ ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების განვითარება. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება მედიკამენტები იმ სადაზღვევო სისტემისთვის, რომელზეც ზემოთ გესაუბრეთ. ყველამ იცის, რომ თურქეთში დაახლოებით 150 დასახელების მედიკამენტი ორჯერ იაფია, ვიდრე საქართველოში. ეს იმით არის განპირობებული, რომ საქართველოში ევროპაში წარმოებული მედიკამენტები შემოდის. მარტივად შეიძლება ამის გადამოწმება და მყისვე გაბათილდება ის ტყუილი, თითქოს ადგილობრივი კომპანიები მედიკამენტებს კოლოსალურ მოგებას არიცხავენ. ევროპის ქვეყნების მსგავსად, თურქეთთან არა გვაქვს მედიკამენტების რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმი. "ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია" არაერთხელ ითხოვდა გამარტივებული აღიარებითი რეჟიმის შემოღებას თურქეთისთვის. ამ შემთხვევაში, გარწმუნებთ, ორ კვირაში 150 დასახელების მედიკამენტზე საქართველოში ისეთივე ან კიდევ უფრო დაბალი ფასი იქნება, ვიდრე თურქეთშია. შესაძლოა საქართველოში ეს მედიკამენტები კიდევ უფრო იაფი ღირდეს, რადგან თურქეთში სააფთიაქო დარიცხვა უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში. ამ საკითხზე ბევრი წერილი მივწერეთ ჯანდაცვის სამინისტროს და რეაგირება არ მოჰყოლია, მაგრამ აქვე გეტყვით, რომნებისმიერ პაციენტს ფორმა #100-ით შეუძლია მივიდეს ნებისმიერ კომპანიაში და მედიკამენტებს, მათ შორის ძვირად ღირებულ ონკოლოგიურ პრეპარატებს, ორ კვირაში თურქეთში არსებულ ფასად ჩამოუტანენ. ასეა წლებია.
ასე რომ, რაზეც გესაუბრეთ, ყველაფერი სახელმწიფოს გასაკეთებელია. მედიკამენტი ყოველთვის ძვირი იქნება, მაგრამ მოსახლეობამდე ხელმისაწვდომ ფასად უნდა მივიდეს.
იცით, რატომ ძვირდება ბოლო წლებში მედიკამენტები? იმიტომ, რომ ლარი ბოლო რვა წლის განმავლობაში თითქმის 100%-ით გაუფასურდა, ხოლო საქართველოში მედიკამენტების 95% იმპორტირებულია. ხშირად სოციალურ ქსელებში წერენ, თითქოს ფარმაცევტული კომპანიები 100%-იან მოგებაზე მუშაობენ. 2017 წლიდან ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს ყველა კომპანიის ბალანსს, მათ შორის ფარმაცევტული კომპანიების. შეგიძლიათ ნახოთ, რომ მათი მოგება 10%-ზე ქვემოთ არის.
- არსებული მოსაზრებით, ბიზნესმენები ხელისუფლებაში სწორედ საკუთარი ბიზნესის ლობირებისთვის მოდიან. იმასაც ამბობენ, რომ თქვენმა ყოფნამ უმრავლესობაში დიდწილად განაპირობა, რომ კონკურენციის სააგენტო ამ წლების განმავლობაში არ დაინტერესებულა ფარმაცევტული სექტორით, არადა, გაუთავებელი ლაპარაკია, რომ ამ სფეროში არაჯანსაღი კონკურენციაა. გარდა ამისა, ფარმაცევტული კომპანიები ფლობენ სადაზღვევო სერვისს, საავადმყოფოებს, მედიკამენტების წარმოებისა და რეალიზაციის ბიზნესს, რასაც ჰორიზონტალურ მონოპოლიასაც უწოდებენ.
- ამბობთ, კარგი იქნებოდა, დაინტერესებულიყო კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტული სექტორითო. დაინტერესდნენ და დავხურავ ყველაფერს! დაინტერესდნენ, ამიტომაც არ ვდებ ფულს, არც არავინ ჩადებს! დაინტერესდნენ, არანაირი პრობლემა არა მაქვს! რა ჰორიზონტალურ მონოპოლიაზეა ლაპარაკი, როცა ხუთი მსხვილი ფარმაცევტული კომპანიაა ამ ბაზარზე. ერთი მითხარით, რამდენი მსხვილი ბანკია საქართველოში?
- ორი-სამი...
- იმას რატომ არ ამბობთ, რომ შესაძლოა ფინანსურ სექტორშიც არის მონოპოლია?
- ფარმაცევტული სექტორისგან განსხვავებით, კომერციულ ბანკებს თავიანთი მარეგულირებელი ჰყავთ - ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკონტროლოს, რომ ფინანსურ სექტორში არაჯანსაღი გარემო არ ჩამოყალიბდეს.
- რატომ არ დაინტერესდა კონკურენციის სააგენტო, რომ ფინანსურ სექტორში ძირითადად ორი ბანკი ოპერირებს, რატომ აქვთ ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთები და 800%-იანი ჯარიმა-საურავები? რა შუაშია ეროვნული ბანკი, როცა მე ოლიგოპოლიაზე გესაუბრებით? შარშან, სანამ "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, ორი ტელეკომპანია ინაწილებდა სატელევიზიო ბაზრის თითქმის 80%-ს და ახლა გიკვირთ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე სულ ხუთი კომპანიაა?
- იმის თქმა გსურთ, რომ ჯანსაღი კონკურენციის სიმწირე ბიზნესის თითქმის ყველა სექტორში იგრძნობა?
- არა, მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და აქ ყველა სფეროში ზეკონკურენციაა. ყოველთვის, როცა რაღაცას გავაკრიტიკებდი, მოსყიდული მედია მუდმივად თავს მესხმოდა და იწყებოდა ლაპარაკი წამლის ფასზე, არაკონკურენტულ გარემოსა და ა.შ. არავის არ ეშინია თავდასხმების. ან როცა ბიზნესის ლობირებაზეა ლაპარაკი, 150 დეპუტატში ერთი დეპუტატი როგორ შეძლებს საკუთარი ბიზნესის ლობირებას? სად არიან ამ დროს არასამთავრობო სექტორი და თავისუფალი მედია? ან რად უნდა მაგას პარლამენტში ყოფნა? როგორ ფიქრობთ, პარლამენტს გარეთ მყოფი რომელიმე გავლენიანი ბიზნესმენი ვერ შეძლებს საკუთარი ბიზნესის ლობირებას? თუ შიგნით რომ ხარ, ეს საქმე უფრო კარგად გამოდის?ეკონომიკის ჯანსაღი ლობირება ის არის, რაც აკლია ჩვენს პარლამენტსა და საზოგადოდ, საზოგადოებას. ნუ უყურებთ ბიზნესმენებს ისე, როგორც ცუდ მდიდარ ხალხს. სულ ორი გზაა: არის ხალხი, რომელსაც შეუძლია რაღაც გააკეთოს ქვეყნისთვის, სხვასაც ასწავლოს, თვითონაც კარგად იყოს და სხვაც დაარის მეორე გზაც - დაგვიჭირეთ ბიზნესმენები, წაგვართვით ყველაფერი, გაგვაძევეთ ქვეყნიდან და რაც ამდენი ხნის განმავლობაში შეგვიქმნია, დაარიგეთ.15 წუთში აღარაფერი იქნება, ქვეყანა გაღატაკდება და იმ პერსპექტივასაც დაკარგავს, რაც აქვს. ორი გზა არის: ან ყველანი ერთად წინ მივდივართ და ვმდიდრდებით, ან ყველანი ვიღუპებით. ახლა გადაწყვიტეთ, რომელი გზა ჯობია. პირველი გზის ლოკომოტივი ბიზნესმენები არიან, ხოლო თუ მეორე გზას აირჩევთ, მაშინ ლოკომოტივი დღევანდელი პოლიტიკოსების 80%-ია.
- რატომ აირჩიეთ პოლიტიკურ პარტნიორად ცეზარ ჩოჩელი? სხვათა შორის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა თქვენმა პარტიამ 5 ნომრით მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. აქვე საინტერესოა, რას ფიქრობთ სააკაშვილის დაბრუნებაზე?
- ცეზარ ჩოჩელი დიდი ხანია ჩემი პარტნიორია, რამდენიმე ბიზნესპროექტი გვაქვს გაკეთებული. მე და ჩოჩელმა ტრიალ მინდორზე ავაშენეთ ქარხნები და 22 ათასი სამუშაო ადგილი შევქმენით. ჩვენ ვიცით, რა სჭირდება ქვეყანას და ისიც ვიცით, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს.რაც შეეხება სააკაშვილს - "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხმების 38% პირველ, ხოლო 40% მეორე ტურში მიიღო. ვინც აგინებს "ნაციონალურ მოძრაობას", ის ამომრჩევლის 40%-ს აგინებს. ჩემთვის, როგორც დღეს ახალი პარტიის დამფუძნებლისთვის, ნებისმიერი პარტია, მით უფრო ის, ვისაც 1%-იანი მხარდაჭერა მაინც აქვს, არის როგორც კონკურენტი, ისე მომავალი პარტნიორი პოლიტიკაში. ჩვენ გადავდივართ ახალ პოლიტიკურ რეალობაში - ვერც ერთი გამარჯვებული პარტია ხმების 30%-ზე მეტს ვეღარ აიღებს. თუ არჩევნები არ გაყალბდება, ამაზე მეტს ვერავინ მიიღებს და იქნება კოალიციური მთავრობები, ხოლო თუ ვინმე ამაზე მეტს მიიღებს, იცოდეთ, საარჩევნო პროცესი გაყალბებულია.
- თუ იარსებებს თქვენთვის წითელი ხაზები, ვის შეუქმნით კოალიციას?
- ჩვენ ახლა ოპოზიციაში ვართ და კოალიციასაც ოპოზიციას შევუქმნით. რაც შეეხება იმას, თუ რომელი ნომრით მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. პარტიაში მე ვარ პირველი ნომერი, ცეზარ ჩოჩელი მეორეა და მოლაპარაკებას ვმართავთ არაერთ პარტიასთან, რათა შევთანხმდეთ მაჟორიტარებზე. არც საარჩევნო ბლოკის შექმნასა და თანამშრომლობას გამოვრიცხავ სხვა პარტიასთან. უინსტონ ჩერჩილს უთქვამს, ყველაზე ცუდი პოლიტიკასა და ომში ის არის, როცა მოკავშირე არა გყავსო.