„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც თურქეთმა ბოლო 30 წელიწადში: სტრატეგიულ ამოცანად უნდა დავსახოთ ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების განვითარება“, - ამის შესახებ PSP-ს დამფუძნებელმა კახა ოქრიაშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუსას განაცხადა.
„ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება მედიკამენტები იმ სადაზღვევო სისტემისთვის, რომელზეც ზემოთ გესაუბრეთ. ყველამ იცის, რომ თურქეთში დაახლოებით 150 დასახელების მედიკამენტი ორჯერ იაფია, ვიდრე საქართველოში. ეს იმით არის განპირობებული, რომ საქართველოში ევროპაში წარმოებული მედიკამენტები შემოდის. მარტივად შეიძლება ამის გადამოწმება და მყისვე გაბათილდება ის ტყუილი, თითქოს ადგილობრივი კომპანიები მედიკამენტებს კოლოსალურ მოგებას არიცხავენ. ევროპის ქვეყნების მსგავსად, თურქეთთან არა გვაქვს მედიკამენტების რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმი.
"ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია" არაერთხელ ითხოვდა გამარტივებული აღიარებითი რეჟიმის შემოღებას თურქეთისთვის. ამ შემთხვევაში, გარწმუნებთ, ორ კვირაში 150 დასახელების მედიკამენტზე საქართველოში ისეთივე ან კიდევ უფრო დაბალი ფასი იქნება, ვიდრე თურქეთშია. შესაძლოა, საქართველოში ეს მედიკამენტები კიდევ უფრო იაფი ღირდეს, რადგან თურქეთში სააფთიაქო დარიცხვა უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში. ამ საკითხზე ბევრი წერილი მივწერეთ ჯანდაცვის სამინისტროს და რეაგირება არ მოჰყოლია, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ნებისმიერ პაციენტს ფორმა #100-ით შეუძლია მივიდეს ნებისმიერ კომპანიაში და მედიკამენტებს, მათ შორის ძვირად ღირებულ ონკოლოგიურ პრეპარატებს, ორ კვირაში თურქეთში არსებულ ფასად ჩამოუტანენ. ასეა წლებია“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.
იხილეთ სრული ინტერვიუ: კახა ოქრიაშვილი: "უკვე აღარაფერი მაკვირვებს ამ ქვეყანაში, მაგრამ..."