გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სასწავლო კურსი - „გარემოსდაცვითი მმართველი“ დასრულდა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, „ნარჩენების მართვის კოდექსით“ კომპანიებს, რომლებიც წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტ არასახიფათო, 1000 ტონაზე მეტ ინერტულ ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენს წარმოქმნიან, ეკისრებათ ვალდებულება, ჰყავდეთ ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირი - გარემოსდაცვითი მმართველი.
მათივე ცნობით, სასწავლო პროგრამა კერძო სექტორისთვის ნარჩენების მართვის სფეროში არსებული ყველა ვალდებულების სწავლებას ითვალისწინებს და მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკულ ნაწილს ნარჩენების ელექტრონულ სისტემაში ანგარიშგების უზრუნველყოფის ხელშეწყობისთვის.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით შექმნილ სასწავლო კურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
„პროგრამა, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები უძღვებიან, კომპანიებს საშუალებას აძლევს, ჰყავდეთ კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით გადამზადებული კადრი.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, ჯამში, 430-მდე პირია გადამზადებული, რომელთა უმრავლესობა (80%) გარემოსდაცვითი მმართველის პოზიციაზეა დასაქმებული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.