მთავრობის მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი გააზრებულია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელვაჩაურში, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანზორ ბოლქვაძისა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის მიერ განხორციელებული პროგრამები მოქალაქეებს უფრო დიდ კომფორტს უქმნის და კეთილსინდისიერი შრომისთვის ხელს უწყობს.
„მთავრობის გადადგმული ნაბიჯები არის გააზრებული. მაგალითად „აწარმოე საქართველოში“ - ეს პროგრამები შესაძლებლობას აძლევს ადამიანს, რომელსაც შეუძლია გარისკოს, აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, მიეხმაროს ყველანაირად ფინანსებით, ქონებით, მიწით. ეს ყველაფერი გაკეთებულია იმისთვის, რომ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც შეუძლიათ ეფექტურად შრომა, შევუქმნათ ყველანაირი პირობები. ახალი პროგრამა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, მოიცავს „აწარმოე საქართველოს“ და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამას, მაგრამ პრობლემა იყო ის, რომ აქედან უნდა ჩასულიყავით თბილისში, მისულიყავით სამინისტროში და იქ მიგეღოთ გარკვეული მომსახურებები. დღეს ჩვენ გავაკეთეთ ახალი პროგრამა „სახელმწიფო შენი პარტნიორია“, რაც ნიშნავს იმას, რომ 88 მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ცენტრებში და იუსტიციის 24 სახლში თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მივიდეს და მიიღოს ინფორმაცია, თუ რა სახის პროგრამებში შეუძლია მას მონაწილეობის მიღება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სახელმწიფო მიდის დასახლებულ პუნქტში ადამიანთან, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი კომფორტი შევუქმნათ მათ შრომისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა პიარს ფასადურად არ აკეთებს და ბევრი კარგი საქმეა დასასრულებელი.
„ყველაზე მნიშვნელოვანია სამართლიანი სახელმწიფო, რომელიც კეთილსინდისიერ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, ღირსეულად იშრომოს და არჩინოს ოჯახი. ეს არის სახელმწიფოს ყველაზე დიდი ფუნქცია, თუმცა ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფოს მოვალეობაა პირველ რიგში, წესრიგში მოიყვანოს სისტემური ინფრასტრუქტურა - ის, რომ თქვენთან არ უნდა იყოს გაზმომარაგების, წყლის, გზების პრობლემა. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ბევრი კარგი საქმეა დაწყებული და დასრულებულიც, მაგრამ კიდევ ბევრი რამ გვაქვს დასასრულებელი ერთად. ჩვენ ეს პრობლემები დღეს არ აღმოგვიჩენია. წლებია ამ პრობლემებზე ვმუშაობთ და თითოეული მოქალაქე ამას ხედავს. ჩვენ ზოგიერთებივით მხოლოდ ფასადურად არ ვაკეთებთ პიარს. პირიქით, ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ და შემდეგ მოვდივართ თქვენთან და გეუბნებით, მოდით, გავაგრძელოთ ეს საქმე ერთად. ბევრი წამოწყება, რომელმაც კონკრეტული შედეგი მოუტანა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არის დასასრულებელი. დარწმუნებული ვარ, ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში“, - განაცხადა გახარიამ.