ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ივლისში ეკონომიკის 5,5%-იანი შემცირება ადასტურებს იმ განწყობას, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზე დგას.
როგორც მინისტრმა ივლისის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კომენტირებისას განაცხადა, თვიდან თვემდე ეკონომიკის შემცირების ტემპი სუსტდება და პოზიტიური დინამიკაა.
"ივლისში ჯერ კიდევ გვაქვს ვარდნა, წლევანდელი წელი ვერ იქნება პოზიტიური, მაგრამ ივლისში დაფიქსირებული -5.5% უფრო ნელი ვარდნის მაჩვენებელია, ვიდრე თუნდაც აპრილში იყო", - განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა. 2020 წლის პირველ 7 თვეში კი ეკონომიკის 5.8%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.