რას ედავება მომხმარებელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს

2020 წლის 6 თვეში მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ 362 საჩივარი დაფიქსირდა, რაც დაახლოებით, 38%-ით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 2019 წლის 6 თვეში მისო-ების წინააღმდეგ შესული საჩივრების ოდენობა 585-ს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ ივნისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ 93 საჩივარი შევიდა, წინა წლის ანალოგიური პერიოდში კი - 87.

2020 წლის ივნისში პრეტენზიების სამეულში შედიან:

  • სამომხმარებლო სესხები - 54 განაცხადი
  • მომენტალური განვადება - 15 განაცხადი
  • ბიზნესსესხი – 9 განაცხადი

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, ივნისში ჯამში შემოსული პრეტენზიების დაახლოებით 55% ადმინისტრაცია/ მომსახურებაზე მოდის - 42 განაცხადი. შემდეგია ჯარიმები და ვადაგადაცილების საკომისიოები - 26 განაცხადი, 12 განაცხადით სამეულში მოხვდა საპროცენტო განაცხადები.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ივნიში 93 საჩივრიდან უსაფუძვლოდ მიჩნეულია 59 განაცხადი. საფუძვლიანად - 25 განაცხადი; 7-ის განხილვა კი ისევ მიმდინარეობს. 2-ს შემთხვევაში განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება. ცნობისათვის, დღეს საფინანსო ბაზარზე 42 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს.

ნინი ქეთელაური