საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და „მსოფლიო ბანკის“ რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ელექტრონულად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლიც ითვალისწინებს 35.7 მლნ ევროს შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას პროექტისთვის Log-in Georgia, რომლის მიზანია, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება: ფინანსურად ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომის ზრდა; მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან დაკავშირებული ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა; პროექტის დანერგვის მხარდაჭერა.
„პროექტის განხორციელების შედეგად, ათასამდე დასახლებულ პუნქტში, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ნახევარ მილიონ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს მაღალი ხარისხის ინტერნეტით და ისეთი სერვისებით, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, განათლება, მმართველობა და ა.შ.
პროექტს კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით, ხუთი წლის განმავლობაში კომპანია Open Net-ი განახორციელებს. პროცესს ზედამხედველობას გაუწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
პროექტი Log-in Georgia საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში შეიმუშავა. სტრატეგიას 2020 წლის იანვარში, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი.
„მსოფლიო ბანკის“ აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ პროექტისთვის 35.7 მლნ ევროს მოცულობის დაფინანსების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 28 აგვისტოს მიიღო”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.