სადახლოზე 1 170 000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინეს, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულებამ 31 005 ლარი შეადგინა.

უწყების ცნობით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კვლავ გამკაცრებულია კონტროლის პროცედურები, როგორც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების, ასევე, საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და მოქალაქეების მიმართ.

აღნიშნული კონტროლის ფარგლებში, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სომხეთის სანომრე ნიშნით, სომხეთის მოქალაქის ა.ჰ.-ს მართვის ქვეშ არსებული, სატვირთო ავტომობილის ეჭვის საფუძველზე, რენტგენო-სკანერით დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული 58 500 კოლოფი სიგარეტი (1 170 000 ღერი) და ალკოჰოლური სასმელი (18.25 ლიტრი) აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 31 005 ლარი შეადგინა“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.