მთიანაჭარაში მოგზაურობის გასამარტივებლად ახალი ტურისტული გზამკვლევი იქმნება

მალე, მთიანაჭარაში მოგზაურობის მსურველებს ახალი ტურისტული ვებ-პორტალით შეეძლებათ სარგებლობა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ტურისტული გზამკვლევი, სადაც მოგზაურობისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფორმაცია ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი, ტურისტებს აჭარის მთიანეთში მოგზაურობას გაუმარტივებთ. ვებპორტალზე განთავსებული ტურისტული მარშრუტების, აქტივობების, ღირსშესანიშნაობებებისა, საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტის ელექტორნული ბაზების გადმოწერა ნებისმიერ მსურველს ონლაინ შეეძლება, რაც დამატებითი კომფორტია ტურისტული სააგენტოების, გიდებისა და მოგზაურებისთვის. ახალ ტურისტულ გზამკვლევზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მუშაობს. უწყება 2015 წლიდან მთიანი აჭარის ტურისტული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.

“დღეს, როცა მოგზაურები ყველა ტიპის ინფორმაციას წინასწარ ამოწმებენ იმ ტურისტული მიმართულების შესახებ, სადაც მიემგზავრებიან უმნიშვნელოვანესია, მთიანი აჭარის შესახებ ყველა ტიპის ინფორმაცია გვქონდეს ხელმისაწვდომი. აღნიშნულ ფორტალს ექნება ორი ძირითადი ფუნქცია. პირველი მასზე განთავსდება ყველა ტურისტული მარშრუტის რუკა თავისი ჩამოსატვირთი ფაილით, იქვე მიბმული იქნება ყველა საოჯახო-სასტუმრო სახლი, ღირსშესანიშნაობა, კვების ობიექტი და მოგზაურობისთვის საჭირო ინფორმაცია, რაც ტურისტებს მთიანაჭარაში მოგზაურობას გაუმარტივებთ. ვებგვერდის მეორე, უმთავრესი ფურნქცია არის ტურისტული ინფორმაციების, ბაზების ხელმისაწვდომობა ტურისტული სექტორისთვის. გიდებს, ტურისტულ სააგენტოებს, საოჯახო სასტუმრო სახლებსა თუ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წვდომა ექნება ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ბაზებთან. იქვე იქნება ონლაინ ჩათი, სადაც 24 საათის განმავლობაში მოგზაურებსა და დაინტერესებულ პირებს, საშუალება ექნებათ მთიან აჭარაში მოგზაურობის შესახებ ნებისმიერ კითხვაზე მიიღონ პასუხი,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ.