ცვლილებები, რომელიც დღეიდან ამოქმედდება

დღეიდან, 1-ლი სექტემბრიდან რამდენიმე ახალი ცვლილება ამოქმედდება. დღეიდან ძალაში შედის, ბავშვთა უფლებების კოდექსი, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა.

სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, არასრულწლოვანის კუთვნილი უძრავ/მოძრავი ქონების განკარგვა მშობელს/და მეურვეს მხოლოდ სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში შეეძლება.

„ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე“, - აღნიშნულია სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლში.

დღეიდან, ბავშვის საკუთრებაში არსებული 1 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, მხოლოდ სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.

ამასთან, საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივი ინიციატივით, 1-ლი სექტემბრიდან იცვლება პენსიის გაცემის წესი. დღეიდან ყოველი თვის 14 რიცხვის ნაცვლად საპენსიო თანხები პენსიის მიმღები პირების ანგარიშებზე ჩაირიცხება წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე, ერთ კონკრეტულ თარიღში და მომავალშიც ამ თარიღში გააგრძელებენ პენსიის მიღებას. ინდივიდუალური თარიღის გაგება შესაძლებელი იქნება ვებ გვერდზე www.myliberty.ge, ლიბერთის ნებისმიერ ბანკომატსა და სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით, ცხელ ხაზზე 032 255 55 00 ან ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრში.

რაც შეეხება რეგიონებსა და სოფლებს, სადაც არ არის ლიბერთის სერვის ცენტრები, ყოველი თვის 14 რიცხვიდან ჩვენს მოქალაქეებს მოემსახურება ლიბერთი ექსპრესის მობილური ბანკი და შესაბამისი გრაფიკები ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივ თვითმმართველობებსა და გამგეობებში.

გარდა ამ ცვლილებებისა, დღეიდან იწყება 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვაც.