31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან 23,784 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,963 ტონით მეტია,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთის ფედერაცია (15,449 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (7,304 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (567 ტონა). ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთის (112,9 ტონა), უკრაინის (111.5 ტონა), მოლდოვას (89,6 ტონა), პოლონეთის (92.6 ტონა), სლოვენიის (57,3 ტონა), სინგაპურის (0,04 ტონა) და ყატარის (0.01 ტონა) რესპუბლიკებში.
„ატმის ფასი 1.00 – 2.00 ლარამდე მერყეობს, ხოლო ვაშლატამას 1.30 – 2.00 ლარამდე. მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრო და შემნახველი საწარმოები.
ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით”,-აღნიშნავენ უწყებაში.