ისრაელიდან არაბთა გაერთიანებული საამიროებისკენ პირველი ისტორიული რეისი შესრულდა

ისრაელიდან არაბთა გაერთიანებული საამიროებისკენ პირველი ისტორიული რეისი შესრულდა. სამ საათიანი რეისი თელ - ავივის საერთაშორისო აეროპორტ ბენ-გურიონიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიმდე უმსხვილესმა ებრაულმა ავიაკომპანია „El Al“-მა შეასრულა. პირველი კომერციული რეისი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ მიღწეული შეთანხმების სიმბოლოა.

თვითმფრინავის ბორტზე აშშ-ისა და ისრაელის მაღალჩინოსნების დელეგაცია იმყოფებოდა, მათ შორის ისრაელის პრემიერ - მინისტრი ბენიამენ ნეთანიაჰუ და თეთრი სახლის მრჩეველი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, რომელიც მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობდა.

„ასეთია მშვიდობა მშვიდობის სანაცვლოდ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში.

რეისის შესრულებისას თვითმფრინავს საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში შესვლის უფლებაც დართეს, რაც ისრაელისთვის სხვა დროს აკრძალული იყო.

შეგახსენებთ, ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით, 13 აგვისტოს ურთიერთობის ნორმალიზების საკითხზე ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს. ორი დღის წინ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც ისრაელის მიმართ ბოიკოტის გამოცხადების შესახებ კანონის გაუქმებას ითვალისწინებს და ორ ქვყანას შორის სავაჭრო და ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობას იძლევა.