სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი სულ ცოტა ხნის წინ ამოქმედდა და დღეის მდგომარეობით უკვე 40 ბენეფიციარი ჰყავს.
რესტორანი „ზაზანოვა“ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაფართოებას შეძლებს და სტუმრებს ახალ სივრცეში უმასპინძლებს. კომპანიამ 100 000 ლარის სესხი აიღო, რომლის ძირი თანხის 90%-ის გარანტორი სახელმწიფო იქნება.
კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, ამჯერად რესტორანში 15 ადამიანია დასაქმებული და სამომავლოდ სამუშაო ადგილების გაზრდას გეგმავს. ასევე, მუდმივი სამუშაო ადგილების რიცხვს ემატება, მუსიკოსები, რომლებიც ყოველ საღამოს მოსულ სტუმრებს ცოცხალ შესრულებას სთავაზობენ.
შეგახსენებთ, რომ პანდემიისგან გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, შეიცვალა საკრედიტო საგარანტიო სქემის მასშტაბიც, კერძოდ პროგრამის ბიუჯეტი 20-დან 330 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რომლის მეშვეობითაც 2.1 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფა მოხდება. პროგრამის ფარგლებში, საკრედიტო გარანტიის გაცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 70%-ის ნაცვლად, 90%-ის ოდენობით მოხდება. ამასთანავე, 30%-ის უზრუნველყოფას განახორციელებს სახელმწიფო რესტრუქტურიზირებული სესხის შემთხვევაში. საკრედიტო - საგარანტიო სქემის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტს შეეძლება არანაკლებ 50 ათასი და არაუმეტეს 5 მილიონ ლარის მოცულობის სესხის აღება.