უორენ ბაფეტმა ხუთი უმსხვილესი იაპონურ სავაჭრო სახლის 5% შეიძინა

კომპანიამ Berkshire Hathaway Inc. შეიძინა 5%-იანი წილი ხუთ უმსხვილეს იაპონურ სავაჭრო სახლში, რომელთა ჯამური ღირებულება 6 მილიარდი დოლარია. აშშ-ს ფარგლებს გარეთ შენაძენი მიანიშნებს უორენ ბაფეტის კონგლომერატის დივერსიფიცირებაზე.

Berkshire Hathaway-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა უორენ ბაფეტმა შენაძენის შესახებ ინფორმაცია საკუთარ 90 წლის იუბილეზე გაავრცელა. საუბარია კომპანიებზე Itochu Corp, Marubeni Corp, Mitsubishi Corp, Mitsui & Co Ltd და Sumitomo Corp.

„ამ ხუთ უმსხვილეს სავაჭრო კომპანიას აქვს ბევრი საერთო საწარმო მთელი მსოფლიოს მასშტაბით და დიდი ალბათობით, ექნებათ კიდევ უფრო მეტი. იმედი მაქვს სამომავლოდ გვექნება უფრო მეტი სარგებლის ნახვის შესაძლებლობა“ - ნათქვამია ბაფეტის განცხადებაში.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Marubeni და Sumitomo-ს აქციებზე ფასი 9%-ით გაიზარდა, ხოლო Mitsubishi და Mitsui -ს 7%-ით, რაც შეეხება Itochu-ს ფასიან ქაღალდებს, მათზე ფასი 4,2%-ით არის გაზრდილი.

ანალიტიკოსებისთვის ბაფეტის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, ვინაიდან მათი აზრით, უკვე დიდი ხანია სავაჭრო სახლები ინვესტორებისთვის მიმზიდველ აქტივს არ წარმოადგენს.

ცნობისთვის, Berkshire-ს აქტივების უმეტესობა ამერიკულია, თუმცა ის ფლობს რამდენიმე უცხოურ კომპანიაში წილს, მათ შორის ისრაელურ კომპანიაში -IMC International Metalworking და გერმანულ Detlev Louis-ში.

კოკა კვირკველია