„სამწუხაროდ, მთავრობამ, თუ ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებისთვის დაბრკოლებები შექმნა“, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მან ისაუბრა საქართველოში საინვესტიციო გარემოს შესახებ და შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება გზას გახსნიდა უფრო დიდი და საკონტეინერო, მაგალითად, ჩინეთიდან მომავალი გემებისთვის. გემები შეძლებდნენ, გაევლოთ ევრაზია და კასპიის ზღვა, შემოსულიყვნენ საქართველოში, შემდეგ კი, შავი ზღვის გავლით, მოხვედრილიყვნენ რუმინეთში, ოდესასა თუ თურქეთში. ეს საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანს გახდიდა. ევროპული, მაგალითად, დიდი ლოგისტიკური კომპანიები, როგორიცაა DHL ან Amazon, იქ შექმნიდნენ ცენტრს ტრანსნაციონალური გადაზიდვისთვის. ეს დაზოგავდა მოწოდებისთვის საჭირო დროს, რუმინეთის კონსტანტას პორტს და მდინარე დუნაის დიდ მნიშვნელობას შესძენდა, და ეს ყოველივე რუსეთისთვის გვერდის ავლით მოხდებოდა. მაგრამ სამწუხაროდ, მთავრობამ თუ ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ განაგრძო ამ პორტის პროექტის განხორციელებისთვის დაბრკოლებების შექმნა“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.
მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს მთავარი პრიორიტეტია, თუმცა ცხადია, ეს ასე არ არის.
„პრიორიტეტი რომ ყოფილიყო, განხორციელდებოდა კიდეც, მაგრამ ასე არ მოხდა. რა თქმა უნდა, ამის უკან კრემლი დგას, რადგან კრემლს არ სურს საქართველოს წარმატება; კრემლს არ სურს, ევროპულმა ქვეყნებმა ყურადღება მიაქციონ იმ ფაქტს, რომ რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%. ამიტომ, ბოჭკოვანი კაბელის ეს პროექტი, რომელიც რუსეთს გვერდს უვლის, ასევე არ არის კრემლის ინტერესებში“, - აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.
შეგახსენებთ, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ბენ ჰოჯესი რამდენიმე დღის წინ „ტვიტერსა“ და ამერიკულ გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს გამოეხმაურა. ჰოჯესმა ტელესაკომუნიკაციო კომპანია „კავკასუს ონლაინის“ საქმის გარშემო მიმდინარე მოვლენები განიხილა და გააკრიტიკა საქართველოს მთავრობა, კომუნიკაციების კომისია და საქართველოს პარლამენტი ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს დაზიანების გამო.
ავტორი: ეკა აბაშიძე