300 ლურჯი მიკროავტობუსის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ორი კომპანიიდან ერთ-ერთი ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიცირდა.
კერძოდ, საუბარია, “ჰიუნდაი ავტო საქართველოზე”, რომლის მიერ შეთავაზებული შესყიდვის ღირებულება 30 მლნ ლარი იყო.
რაც შეეხება ტენდერში მონაწილე მე-2 კომპანიას - შპს „ჯი-თი მოტორსს“, მის მიერ შეთავაზებული ღირებულება 30 497 064 ლარია. კომპანიის მიერ შეთავაზებული მიკროავტობუსები "ფორდის" ფირმის TRANSIT 460 მოდელია.
შეგახსენებთ, რომ მიკროავტობუსების შესყიდვაზე პირველი - 29-მილიონიანი ტენდერი 2020 წლის აპრილში გამოცხადდა. თუმცა მალევე შეწყდა. მაშინ მიზეზად ქვეყანაში არსებული ვითარება დასახელდა. ხელახლა ტენდერი 22 ივნისს გამოცხადდა, თუმცა ეს შესყიდვაც სატრანსპორტო კომპანიამ მალევე შეაჩერა. როგორც მაშინ სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში იყო აღნიშნული, შეწყვეტის მიზეზი მიკროავტობუსების ტექნიკური მოთხოვნების კორექტირება გახდა, რაც "კონკურენტული გარემოს შექმნას" ემსახურება.
მესამე ტენდერი კი 15 ივლისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 17 აგვისტოს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტენდერისგან განსხვავებით, ამჯერად შესყიდვის სავარაუდო ღირებულება გაზრდილი იყო. თავდაპირველად, მერია 300 მიკროავტობუსის შეძენაზე 29,819 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავდა, ბოლო ტენდერის მიხედვით კი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30 497 064 მლნ ლარი იყო.
რაც შეეხება მოთხოვნებს, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, მიკროავტობუსები უნდა ყოფილიყო 2020 წელს გამოშვებული, ფერი - ლურჯი "მეტალიკი", გათვლილი უნდა ყოფილიყო 17 მგზავრზე; ამასთან, სატენდერო მოთხოვნების თანახმად, მიკროავტობუსს გვერდითა მარჯვენა მხრიდან უნდა ჰქონოდა მგზავრის ასასვლელი გასასრიალებელი კარი ცენტრალური საკეტით. ავტობუსის ჭერი და გვერდითა კედლები უნდა იყოს თბო-იზოლირებული.