საჯარო სამსახურში კორუფციის თავიდან ასაცილებლად ახალი სახელმწიფო ორგანო შეიქმნება

საჯარო სამსახურში კორუფციის თავიდან ასაცილებლად ახალი სახელმწიფო ორგანო შეიქმნება. ამის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე წარდგენილია.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტი მიზნად ისახავს გააძლიეროს და გააუმჯობესოს საქართველოს ანტიკორუფციული კანონმდებლობის ნორმების პრაქტიკაში აღსრულების სუსტი მექანიზმები (მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა თანამდებობის პირთა ინტერესთა კონფლიქტის და უკანონო გამდიდრების პრევენცია, მამხილებელთა დაცვა), პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სფეროში კორუფციის პრევენციის არაეფექტიანი გზები, კორუფციის (განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციის) შემთხვევების გამოძიება და ანტიკორუფციული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მიმართება ამ სფეროში ამჟამად არსებულ გამოწვევებთან, ასევე თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა.

კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, წარმოდგენილი პროექტით იქმნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანო - ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო. სააგენტოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით აირჩევს საქართველოს პარლამენტი. თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე. სააგენტო მისი საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშის წარუდგენს პარლამენტს. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენცია, თანამდებობის პირების მიერ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების შესრულების კონტროლი, კორუფციული დანაშაულების მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კონტროლი.

კანონპროექტის ავტორები - თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ არიან.

თაია არდოტელი