„თქვენ გამოიტანეთ „აზარტული თამაშების შესახებ“ კანონპროექტი და მე ვიტყვი, რომ თქვენ მიიღეთ, ოღონდ ადამიანებს მიეცით ამოსუნთქვის საშუალება"

თქვენ გამოიტანეთ „აზარტული თამაშების შესახებ“ კანონპროექტი, მე ვიტყვი, რომ თქვენ მიიღეთ ეს, ოღონდ ეს კანონპროექტი ამ ქვეყნისთვის 31 ოქტომბრამდე მიიღეთ, - ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კანონპროექტის მიღებაზე არის საერთო ეროვნული შეთანხმება.

„სამი წლის წინ დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა. ამ კანონპროექტმა ვერ იხილა დღის სინათლე. რამდენად ეთიკურია თქვენი კოლეგის მიმართ დამოკიდებულება, როდესაც ერთი წლის წინ დარეგისტრირებულ კანონპროექტს ვერ ვიხილავთ? მე მაქვს ათასჯერ გაცხადებული, ეს არის სახელმწიფო საქმე. ეს არის ჩვენი მეგობრების, ნათესავების, მეზობლებისთვის გაკეთებული საქმე. ეს არ არის ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტი, ეს არის საქართველოს რომ სჭირდება, ისეთი კანონპროექტი. მოდით, გადავდოთ ყველანაირი ყველაფერი, მეც არ გამოვიტან ამ კანონპროექტს, თქვენ გამოიტანეთ, ოღონდ 31 ოქტომბრამდე ამ კანონპროექტმა იხილოს დღის სინათლე. თქვენ გამოიტანეთ ეს კანონპროექტი და ადამიანებს მიეცით ამოსუნთქვის საშუალება. პირობას გაძლევთ, რომ 2 წლის განმავლობაში, თუ ხელისუფლება ამას აღასრულებს, საქართველოში მოთამაშეების რიცხვი 70%-ით შემცირდება. ეს არის კონკრეტული კანონპროექტი, რომელიც მაღალი დონის სპეციალის მიერაა დამუშავებული. აქ არის საერთო ეროვნული შეთანხმება. ყველა ითხოვს ამ კანონპროექტის მიღებას. ყველა ოჯახი ითხოვს“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.