რუსული ხორბლის ექსპორტის ფასები გაიზარდა. მარცვლეული გაძვირდა ჩიკაგოსა და პარიზის ბირჟებზე. ოქტომბრის ფიუჩერსებზე ფასების ზრდა ძირითადად მსხვილი მომხმარებლების მხრიდან პროდუქციის დიდი რაოდენობით შესყიდვამ გამოიწვია.
როგორც Reuters-ი წერს, გასულ კვირას ეგვიპტემ, რომელიც რუსული ხორბლის უმსხვილესი შემსყიდველია თურქეთის შემდეგ, ოქტომბრისთვის 530 000 ტონა რუსული ხორბალი უკვე შეისყიდა. შედეგად, IKAR-ის მონაცემებით, ერთი ტონა ხორბალი 212-213 დოლარი გახდა, რაც 9-10 დოლარით მეტია წინა კვირასთან შედარებით. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა 22-23 დოლარს შეადგენს. 2019 წლის სექტემბერში ერთი ტონა რუსული საექსპორტო ხორბალი 189-190 დოლარი ღირდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას მოსავლის დაახლოებით 67% უკვე აღებული იქნება. რაც შეეხება ფასებს, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ საექსპორტო ხორბლის ღირებულება ერთ ტონაზე კიდევ 12-13 დოლარით გაიზარდოს.
გარდა რუსული ხორბლისა, მარცვლეული გაძვირდა სხვა მწარმოებელ ქვეყნებშიც. მაგალითად, უკრაინული ხორბლის ფასმა ერთ ტონაზე 207,5 დოლარი შეადგინა, რაც 6 დოლარით მეტია ერთი კვირის წინანდელ ფასებზე. 8 დოლარით, 227 დოლარამდე გაძვირდა ფრანგული ხორბალი, ამერიკულ ერთ ტონა ხორბალზე ფასმა კი 7 დოლარით, 247 დოლარამდე მოიმატა.
ცნობისათვის, საქართველოში ხორბლის ერთადერთი იმპორტიორი რესეთია. 2020 წლის იანვარ-ივლისში ჩრდილოეთ მეზობელ ქვეყანაში საქართველომ 222,840 ტონა ხორბალი და მესლინი იყიდა, ჯამში 49,371 მლნ დოლარის ღირებულების.