საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლის ივლისიდან კომერციული ბანკების სავალუტო ოპერაციების მაჩვენებლებს დაზუსტებული მეთოდოლოგიის შესაბამისად გამოაქვეყნებს. აღნიშნული ცვლილება რეტროსპექტულად გატარდა და წლის დასაწყისიდან არსებულ პერიოდს მოიცავს.
კომერციული ბანკების სავალუტო ოპერაციები 2 მსხვილ ჯგუფად იყოფა - ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები და სავალუტო სახსრების გადაფასება.
ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები კლიენტებთან საკონვერსიო (დილინგურ) ოპერაციებს მოიცავს და მიღებული მოგება/ზარალი ტრანზაქციების მოცულობასა და ბანკის ყიდვა/გაყიდვის კურსებს შორის განსხვავებაზე (ე.წ. სპრედზე) არის დამოკიდებული.
სავალუტო სახსრების გადაფასებისგან მიღებული მოგება/ზარალი დამოკიდებულია ვალუტის კურსის ცვლილებასა და ბანკის სავალუტო პოზიციაზე (სხვაობა უცხ. ვალუტაში დენომინირებულ აქტივებსა და ვალდებულებებს შორის). კურსის ცვლილების შედეგად იცვლება სავალუტო პოზიციის ლარში გამოსახული მნიშვნელობა, რაც, შესაბამისად, მოგებას ან ზარალს იწვევს. ამ ზარალისგან თავის ასარიდებლად, ბანკის მიზანია დახურული სავალუტო პოზიციით (უცხ. ვალუტის აქტივები და ვალდებულებები ტოლია) ოპერირება, რაც ბანკს ვალუტის კურსის ყოველგვარი მერყეობისგან იცავს. სავალუტო პოზიციის ჰეჯირებას (თავდაცვას სავალუტო რისკისგან) ბანკები, როგორც ლარი-უცხოური ვალუტის, ასევე, ბოლო წლებში, ევრო-დოლარის სავალუტო კონტრაქტების (ფორვარდები, სვოპები და ა.შ) შეძენის საშუალებით ახდენენ. შედეგად, გაცვლითი კურსების (მათ შორის, ევრო-დოლარის) მერყეობის დროს გამოწვეულ საბალანსო პოზიციების გადაფასების ეფექტს ამ კონტრაქტებისგან მიღებული მოგება/ზარალი ავტომატურად აბათილებს.
აქამდე არსებული მეთოდოლოგიის მიხედვით, საბალანსო პოზიციის გადაფასებისგან მიღებული მოგება/ზარალი სავალუტო სახსრების გადაფასებაში აისახებოდა. ხოლო გარესაბალანსო კონტრაქტების გადაფასება, ვალუტის საკონვერსიო ოპერაციებთან ერთად, ვალუტის ყიდვა-გაყიდვისგან მიღებული მოგება/ზარალის მუხლში ხვდებოდა, რაც ანალიზისთვის სირთულეს წარმოადგენდა.
აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებული მაღალი ინტერესის გამო და, ასევე, მეთოდოლოგიის სტანდარტიზაციის მიზნით, 2020 წლის ივლისის ანგარიშგების შემდეგ, გარესაბალანსო და საბალანსო კონტრაქტების გადაფასება ერთად დაჯგუფდება, რითაც გაიმიჯნება სავალუტო სახსრების გადაფასება და ვალუტის ყიდვა/გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული საოპერაციო მოგება/ზარალი.
ცვლილების შედეგად, 2020 წლის პირველი 7 თვის მაჩვენებლების 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარება ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მოგების შემცირებას, ხოლო სავალუტო სახსრების გადაფასებაში მოგების ზრდას აჩვენებს. ეს სავალუტო კონტრაქტებისგან მოგების ეფექტის ვალუტის ყიდვა-გაყიდვის მუხლიდან სავალუტო სახსრების გადაფასების მუხლში გადატანას უკავშირდება და, ამდენად, ანალიზისათვის უფრო ზუსტ სურათს იძლევა.