მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში 27-30 აგვისტოს ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი One Caucasus (ერთიანი კავკასია) გაიმართა. ფესტივალმა უმასპინძლა ქვემო ქართლის მკვიდრ ასობით ახალგაზრდას და სხვა სტუმრებს. One Caucasus-ის მისიაა შექმნას შთამაგონებელი სივრცე კავკასიელი ახალგაზრდების შეხვედრებისთვის. ფესტივალი მოიცავს სამკვირიან მოხალისეობით პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა ხელოვანები, მუსიკოსები, არქიტექტორები და ტრენერები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მართავენ უნიკალურ შემოქმედებით საგანმანათლებლო აქტივობებს ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობით. წლევანდელმა აქტივობებმა მოიცვა სოფელი წერაქვი, დაბა შაუმიანი, სოფელი შულავერი, დაბა სადახლო და დაბა კაზრეთი.
One Caucasus-ის მხარდამჭერები არიან: ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო (EACEA), პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტრო, კომპანია „არემჯი“ და შემოქმედებითი საქართველო.
2020 წლის ფესტივალი არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო სპეციალურად განხორციელდა მცირე მასშტაბებში და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმების დაცვით. კერძოდ: ფესტივალის ყველა მონაწილემ გაიარა თერმოსკრინინგი, დაურიგდათ უფასო პირბადეები და ყველა აქტივობა განხორციელდა ღია სივრცეში. „ერთიანი კავკასიის ქალაქში“ დამსწრეებს სპეციალურად მოწყობილ კინოთეატრში მიეცათ შესაძლებლობა ეხილათ არაერთი ანიმაციური და დოკუმენტური ფილმი, ახალგაზრდებისთვის მოეწყო მრავალი შემეცნებითი აქტივობა, ხოლო ფესტივალის ოთხი დღის ყოველ საღამოს აუდიტორიისთვის შეასრულეს ისეთმა ბენდებმა, როგორიცაა გორდელა, ჩვენებურები, La Courbe Flottante, Midnight, Sunshine, INFEST და სხვ.
,,წელს უკვე მეორედ კომპანია არემჯი აქტიურად მხარს უჭერს ფესტივალს ,,ერთიანი კავკასია“. წარმოდგენილები ვართ სოფელ წერაქვში, კაზრეთელ მოსწავლე-ახალგაზრდებთან ერთად. ეს გახლავთ არაჩვეულებრივი გარემოს, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს ხვდებიან და უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. ჩვენ მომავალშიც დიდი სიამოვნებით გავარგრძელებთ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას.” - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა, კომპანია არემჯის კორპორატიული დირექტორის მოადგილემ საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.
,,ფესტივალი ,,ერთიანი კავკასია“ (One Caucasus) უკვე შვიდი წელია არსებობს. ყოველი წლის აგვისტოს ვკრეფთ ახალგაზრდა პროფესიონალების გუნდს, შემდეგ ვსახლდებით სოფელ წერაქვში, საიდანაც ვახორციელებთ აქტივობებს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ვაწყობთ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელიც იქმნება კავკასიელი ახალგაზრდებისთვის, რათა მათ შეძლონ ერთად მუშაობა და განვითარება მუსიკალურ სფეროში.” - განაცხადა ირაკლი მიქიანმა, ფესტივალ One Caucasus-ის ორგანიზატორმა.