3 სექტემბრიდან მესტიის მიმართულებით ფრენები განახლდება

რამდენიმეკვირიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, 3 სექტემბრიდან ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება განახლდება.

აღნიშნულის შესახებ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან“ იუწყებიან.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, სექტემბერში მესტიის მიმართულებით რეისები სამშაბათისა და შაბათის გარდა, კვირაში 5-ჯერ შესრულდება.

„სვანეთში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ნატახტარი-მესტიის მიმართულებაზე ფრენები 11 აგვისტოდან შეჩერებული იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტი გაიხსნა, მესტიის მიმართულებით ფრენებიც აღდგა. აღნიშნული რეისებიც COVID-19-დან გამომდინარე, ყველა არსებული რეგულაციების დაცვით ხორციელდება, ეს იქნება სოციალური დისტანცირება, თერმოსქრინინგი, სავალდებულო პირბადის ტარება და სხვა. სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული მიმართულებაა და ვიმედოვნებთ, რომ ამ ულამაზეს რეგიონს ისევ მალე ბევრი ტურისტი ეწვევა“,- აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

ნატახტარიდან მესტიის მიმართულებით ფრენების შეჩერება სვანეთში COVID-19-ის პრევენციის გამო მოხდა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების სვანეთი ჩაიკეტა და შესაბამისად სვანეთის მიმართულებით რეგულარული ფრენებიც, დროებით, შეჩერდა. თუმცა, 2 სექტემბრიდან, დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები იხსნება და 3 სექტემბრიდან AK-Air Georgia მესტიის მიმართულებით ფრენებსაც განაახლებს.

ავიაბილეთის ღირებულება ზრდასრულთათვის, ერთი გზა 90 ლარს შეადგენს. 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის კი ვრცელდება 30%-იანი ფასდაკლება. 3 წლამდე ჩვილებისთვის კი მგზავრობა უფასოა.