ბალტიის ქვეყნებმა ბელარუსისგან ელექტროენერგიის შეძენაზე უარი თქვეს

ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები შეთანხმდნენ მესამე ქვეყნისგან ელექტროენერგიის შეძენის პირობებზე, რომელიც ითვალისწინებს ბელარუსისგან დენის შეძენაზე უარის თქმას, მას შემდეგ რაც ამ ქვეყანაში ამოქმედდა ატომური ელექტროსადგური БелАЭС. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი სამივე ქვეყნის - ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის ენერგეტიკის მინისტრებმა მოაწერეს.

შეთანხმების ამოქმედების შედეგად კი ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან მესამე მხარისგან ელექტროენერგიის შეძენა შემცირდება ორჯერ და შეთანხმება იმოქმედებს იმ დრომდე, სანამ არ მოხდება ბალტიის ქვეყნების ელექტროსისტემების სინქრონიზება დასავლეთ ევროპის სისტემასთან, რომელიც 2025 წლისთვისაა დაგეგმილი.

ჯერ კიდევ აგვისტოში ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ელექტროენერგიის იმპორტი БелАЭС-ისგან ნიშნავს ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის მხარდაჭერას. მალევე ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინიშმა განაცხადა, რომ ლატვია უარს იტყოდა ბელორუსული დენის შესყიდვასა და გაყიდვაზე, თუ ამოქმედდებოდა ატომური ელექტროსადგური.

ლიეტუვის სეიმმა (პარლამენტმა) БелАЭС-ის ამუშავება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნია და 2017 წელს კანონით აკრძალა იმ ენერგიის შესყიდვა, რომელიც ამ აესში გამოიმუშავებოდა. ვილნიუსს განზრახული ჰქონდა ამ ბოიკოტისთვის მიემხრო მეზობელი ქვეყნებიც, თუმცა გადარწმუნება მხოლოდ ახლა შეძლო.

БелАЭС-ის ფიზიკური ჩაშვება - ბირთვული საწვავის პირველ რეაქტორში ჩასხმა - 7 აგვისტოს დასრულდა. სადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალშია დაგეგმილი. ბელარუსში აცხადებენ, რომ ლიეტუვის პრეტენზიები პოლიტიკურია და რომ სადგურის უსაფრთხოება უმაღლესი სტანდარტით იქნება დაცული.

კოკა კვირკველია