„18 წლამდე ბავშვების 200-ლარიან სოციალურ დახმარებაზე 857 000 განაცხადია შემოსული, რომლის დაკმაყოფილება დღეიდან დაიწყო"

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის ნაბიჯებს, განსაკუთრებით, ბავშვების. დღეის მდგომარეობით, 18 წლამდე ბავშვების 200-ლარიან სოციალურ დახმარებაზე 857 000 განაცხადია შემოსული. ამ განცხადებების დაკმაყოფილება დაიწყო დღეიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ფინანსთა სამინისტროებს ევალებათ, 1 კვირაში სრულად დასრულდეს მოქალაქეების ანგარიშებზე სოციალური განაცემების გადარიცხვა.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რეგისტრაცია გაგრძელდება 1 დეკემბრამდე და ახალი განცხადებებიც ეტაპობრივად, უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილდება.

„შესაბამის უწყებებს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინსიტროში ევალებათ 1 კვირაში სრულად დასრულდეს მოქალაქეების ანგარიშებზე სოციალური განაცემების გადარიცხვა იმისთვის, რომ სოციალურ ფაქტორთან ერთად, მნიშვნელოვანია, ეს დახმარება ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ სასწავლო წლის დაწყებამდე. მოგეხსენებათ, რეგისტრაცია გაგრძელდება 1 დეკემბრამდე და ახალი განაცხადებიც, რომლებიც ეტაპობრივად შემოვა 1 დეკემბრამდე, რა თქმა უნდა, იქნება უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალშობილებიც პირველ დეკემბრამდე ამ დახმარებას მიიღებენ “, - განაცხადა გიორგი გახარიამ.