საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, შესაბამის სამსახურებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.
„ქალაქის მერიას მინდა მოვუწოდო, ნორმები, რომელიც დაწესებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, აქაც უნდა გავამკაცროთ მიდგომები, იმიტომ, რომ სექტემბერია, ქალაქში ბრუნდებიან დამსვენებლები, იწყებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომას და აქ ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებით და დისკომფორტით ცხოვრება მოგვიწევს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე.
ამასთან, მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს 38 ინფიცირებულია, არანაირი საუბარი სასკოლო პროცესის გადადებაზე არ არის.
მთავრობის მეთაურის თქმით, საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს და ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები.