რა შემთხვევაში შეძლებთ კინოჩვენებაზე დასწრებას - წესები, რომელთა დაცვაც კინოთეატრში სავალდებულო იქნება

კინოთეატრები საქართველოში 15 სექტემბრიდან გაიხსნება. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.

ამასთან, უკვე გამოქვეყნდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც კინოთეატრებში სავალდებულო იქნება.

უწყების მიერ გამოქვეყნებული წესების ნაწილი კი ასე გამოიყურება:

  • უზრუნველყავით დახურულ სივრცეებში ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის ფუნქციონირება;
  • ერთიან შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი, ვიდეოსკრინინგის ან დისტანციური მზომი ხელსაწყოს გამოყენებით, რათა გააკონტროლოთ როგორც თანამშრომელთა, ასევე ვიზიტორთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;
  • ფილმის ბილეთების გაყიდვისთვის გამოიყენეთ ელექტრონული სისტემა. ბილეთების სალაროდან გაყიდვის შემთხვევაში, ნაღდი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით, შესთავაზეთ პლასტიკური ბარათით გადახდის სერვისი;
  • მოლარე, რომელიც ახდენს ბილეთების გაყიდვას, აღჭურვეთ ხელთათმანებით, ხოლო სალაროსთან განათავსეთ ხელის სადეზინფექციო არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებები;
  • კინოჩვენების განმახორციელებელმა ორგანიზაციამ/პირმა მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს შენობაში მხოლოდ იმ თანამშრომლების დაშვება, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ კინოჩვენების პროცესში;
  • მაყურებელთათვის განკუთვნილი ადგილები გადაანაწილეთ იმგვარად, რომ მოხდეს უსაფრთხო დისტანციის (გარდა 12 წლამდე ბავშვებისა) დაცვა. ამ მიზნით კინოჩვენების დარბაზში, მაყურებელი განათავსეთ 1 სავარძლის გამოტოვებით;
  • მაყურებელთა ნაკადის მართვა განახორციელეთ იმგვარად, რომ თავიდან აიცილოთ ერთ ადგილზე ადამიანთა დიდი რაოდენობის კონცენტრაცია;
  • შესასვლელებთან, ახლო კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, მონიშნეთ უსაფრთხო დისტანცია;
  • უზრუნველყავით მაყურებელთა დაშვება დახურულ სივრცეში, ისევე როგორც კინოჩვენების დარბაზში, მხოლოდ ნიღბით.
თაია არდოტელი