მუნიციპალური განვითარების ფონდი დაბა ურეკში ბულვარის რეაბილიტაციის ტემპებით და ხარისხით უკმაყოფილოა.
როგორც ფონდის ხელმძღვანელი გიორგი შენგელია აცხადებს, კონტრაქტორ კომპანიას, რომელსაც შესრულებული სამუშაოების ხარისხის გამო რამდენჯერმე მიეცა გაფრთხილება, კვლავ აქვს გარკვეული პრობლემები შესრულების ხარისხთან მიმართებაში, რის გამოც, მას შესაძლოა დაეკისროს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულებები.
,,ინფრასტრუქტურის სამინისტრო მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს ურეკის ბულვარის მოწყობის სამუშაოებს. სამწუხაროდ, კონტრაქტორი სათანადოდ ვერ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს და ჩვენ რამდენჯერმე მოგვიწია მისთვის მითითების მიცემა. დღესაც ჩვენ ვიმყოფებით მონიტორინგზე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ფაზით განსაზღვრული სამუშაოები მეტნაკლებად დასრულებულია, თუმცა ხარისხობრივად კმაყოფილი ნამდვილად ვერ დავრჩით. შესაბამისად, ჩვენი დამატებითი ჯგუფი კიდევ შეისწავლის ამ ობიექტს, მიეცემა საბოლოო გაფრთხილება და თუ უახლოეს პერიოდში არ მოხდება აღნიშნული დეფექტების გამოსწორება, მაშინ იძულებული ვიქნებით მივმართოთ შესაბამის სანქციებს“- აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
დაბა ურეკში ბულვარის მოწყობას შპს „იუ-თი-ჯი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 5,052 მლნ ლარს შეადგენს.
კომპანია „იუ-თი-ჯი“ 2013 წელს დაფუძნდა. კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი არის თამაზ აფციაური. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს პროექტირება, რეკონსტრუირება, დიზაინი, რემონტი და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ „იუ-თი-ჯი“ შესყიდვების სააგენტოს „თეთრ სიაშია“. კომპანია „თეთრ სიაში“ 2019 წლის 18 სექტემბერს დარეგისტრირდა.