"ბათუმში ეპიდმდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება და დამატებითი საკარანტინო შეზღუდვების შემოღება არ იგეგმება"

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ ბათუმში დამატებითი საკარანტინო შეზღუდვების შემოღება არ იგეგმება, ხოლო იმ ობიექტებზე, სადაც მოქალაქეების მაღალი კონცენტრირება ხდება თანამშრომლების სწრაფი ტესტირება და სივრცეების ხშირი დეზინფექცია ჩატარდება.

„საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შიდა ტურისტული ნაკადების პოზიტიური ტენდენცია ვითარდება, რაც მისასალმებელია. არსებული ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც სრულად ექვემდებარება კონტროლს, მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ არანაირი საკარანტინო შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება ბათუმში. თუმცა მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა, განსაკუთრებით ტურიზმის ინდუსტრიის ბიზნესის წარმომადგენლებმა, მოსახლეობამ, დამსვენებლებმა მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ელემენტარული წესები, რომელიც, პირველ რიგში, ვირუსის პრევენციას ახდენს. აღნიშნული ორმხრივი პასუხისმგებლობა გვეხმარება, რომ თავიდან ავირიდოთ რაიმე სახის დამატებითი შეზღუდვა, რომელიც საკმაოდ მტკივნეული იქნება ტურიზმის ინდუსტრიისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საკმაოდ პოზიტიური უკუკავშირი გვაქვს სხვადასხვა რეგიონიდან, კურორტიდან და მნიშვნელოვანია ყველამ ერთად ხელი შევუწყოთ ამ დარგის განვითარებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო გასართობის ობიექტები, ღია სახის ღონისძიებები, მათ შორის, ღია სივრცეში არსებული კლუბები და ა.შ.

„დასვენებისა და ბიზნესის ხელშეწყობისთვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ბიზნესმა ორი რამ გააკეთოს მაქსიმალურად: პირველი თანამშრომლების სისტემატიური ტესტირება, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება და მეორე, სივრცეების ხშირი დეზინფიცირება.

ერთობლივი მუშაობით ჩვენ მწვანე ქვეყნის სტატუსს შევინარჩუნებთ, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. ეს სტატუსი გვეხმარება, რომ ტურიზმის გახსნის პროცესი ძალიან ეფექტური და სწრაფი იყოს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებისა და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებისთვის.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.