„პოსტპანდემიურ პერიოდში ყველაზე დიდი მოთხოვნა 30-დან 50 კვ/მეტრამდე ფართის ბინებზეა“ - Unix Development-ი

იპოთეკური სესხების 4%-იანი სუბსიდირების პროგრამა ისეთ მომხმარებელს დაეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში, ვინც მანამდე ჩამოყალიბებული არ იყო ბინის შეძენით - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სამშენებლო კომპანია Unix Group-ის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის შემდგომ პერიოდში, ასევე იპოთეკური სესხების პროგრამის ფარგლებში ძირითადად მოთხოვნა ბიუჯეტურ - 30-დან 50 კვ/მეტრის ფართის ბინებზეა.

„ფრანგულ უბანში, რომლიც მშენებლობასაც Unix development-ი ახორციელებს, ამ დროისთვის ბინები თითქმის სრულად არის გაყიდული. ამიტომ გაყიდვები წინა წელს გაცილებით მაღალ ნიშნულზე იყო, ვიდრე ახლა, როდესაც პროექტი უკვე სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო იპოთეკური სესხების 4%-იანი სუბსიდირების პროგრამით ეხმარება დეველოპერებს წინა წლებთან შედარებით ბინების გაყიდვებმა იკლო, რაც მოსალოდნელიც იყო პანდემიის პირობებში და ბევრი სხვადასხვა კვლევით დადასტურდა.

პროექტის ფარგლებში და განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ ყველაზე დიდი მოთხოვნა შედარებით პატარა ზომის ბინებზე არის, საშუალოდ 30-50 კვ/მეტრის ფართებზე“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა და დასძინა, რომ მოკლევადიან პერიოდში 4%-იანი სუბსიდირების პროექტი პირდაპირი ხელშეწყობაა სამშენებლო სექტორისთვის.

„პროგრამა დაეხმარება უძრავი ქონების ბაზარს გამოცოცხლებაში. თუმცა ეს პროგრამა გრძელდება წლის ბოლომდე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სამომავლო სამოქმედო გეგმა და სტრატეგია სამშენებლო სექტორის დასახმარებლად, რადგან სწორედ ამ დროს კიდევ უფრო მეტად არის მოსალოდნელი პოსტ-პანდემიური კრიზისი და უძრავ ქონებაზე მოთხოვნის/ფასების კლება“ - აღნიშნა ჩერქეზიშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია, 28 მაისს წარადგინა. შესაბამისი დადგენილება კი მთავრობამ 25 ივნისს მიიღო.

პროგრამის ფარგლებში სუბსიდირება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს ეხება და სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში გრძელდება. ამასთან, სუბსიდირება გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობის იპოთეკურ სესხებზე და მხოლოდ მათ შეეხებათ, ვინც სესხს 2020 წლის 1-ელი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე აიღებს.