მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ აქვთ, რთველი რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და აქტიურ ფაზაში ჯერ არ შესულა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
ლევან დავითაშვილის თქმით, კომპანიები აქტიურად არიან ჩართულები ყურძნის ჩაბარების პროცესში.
„კახეთში რთველი დაწყებულია; კომპანიები აქტიურად არიან ჩართულები ყურძნის ჩაბარების პროცესში. 80 თეთრიანი ფასის პირობა, რომელიც ბაზარზე დავაწესეთ, შესრულებულია. თუმცა, კონკურენციის პირობებში, სხვადასხვა მიკროზონაში ფასი შეიძლება უფრო მეტიც იყოს. გარდა ამისა, ჩვენ კომპანიისთვის გავაჩინეთ იაფი ფინანსური რესურსი. ყველა ეს ნაბიჯი გადადგმული იყო იმისთვის, რომ ქართული კომპანიებისთვის მსყიდველობითი უნარი გაზრდილიყო, განსაკუთრებით პანდემიით შექმნილ ვითარებაში.
მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ აქვს, რთველი რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და აქტიურ ფაზაში ჯერ არ შესულა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხდება რქაწითელის ჯიშის ყურძნის და ადრეული ჯიშების, როგორიც არის მუსკატი, შარდონი და სხვა საშამპანურე ჯიშების ყურძნის ჩაბარება. ჯერ ინტენსიურად არ დაწყებულა საფერავის ჯიშის ყურძნის ჩაბარება. საფერავზე მოთხოვნა არის და ფასიც 1 ლარზე მეტი იქნება. დანარჩენ ფასს განსაზღვრავს ბაზარი იმ მოთხოვნით, რა მოთხოვნაც არსებობს და იმ მიწოდებით, რა მიწოდებაც არის. წელს მოსავალი საკმაოდ დიდია. მოლოდინია, რომ მოსავალი იქნება რეკორდული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას არცერთი რთველი არ ყოფილა, როდესაც მევენახეებს ჩაბარების პრობლემა შექმნიათ.
„ის სამუშაოები, რომლებიც სამინისტრომ გაწია, გვაძლევს იმედს, რომ რთველი წარმატებით ჩაივლის. თუმცა, დღეს მოსახლეობის გრძნობებზე თამაში გახდა პოპულარული, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პროცესში
აგიტატორები, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ოჯახ-ოჯახ დადიან და მოსახლეობას ცრუ მოლოდინებს უჩენენ, ცდილობენ ააბუნტონ და საპროტესტო მუხტი შექმნან. მშრომელი ადამიანების გრძნობებზე თამაში ამორალურია.
ჩვენ ყოველთვის გვინდა, რომ ფერმერებმა უფრო მეტი შემოსავალი მიიღონ, მაგრამ უნდა გვესმოდეს რა რესურსი აქვს ქვეყანას და კერძო სექტორს. ამ რესურსების ოპტიმალურად გადანაწილებით უნდა მივიღოთ დაბალანსებული სიტუაცია, რომ ყველას ინტერესი იყოს მეტ-ნაკლებად გათვალისწინებული. ჩვენი ხელისუფლების პირობებში არცერთი რთველი არ ყოფილა, როდესაც მევენახეებს ჩაბარების პრობლემა შეექმნათ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.