„ნიკორაში“ განმარტავენ, რომ ორ ადამიანს, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მომხმარებელთან შეხება არ ჰქონდათ

ვაჟა- ფშაველას გამზირზე მდებარე „ნიკორას“ ერთ-ერთ მაღაზიაში კორონავირუსი დამლაგებელსა და მცხობელს დაუდასტურდა, 22 თანამშრომელი კი კარანტინის რეჟიმშია გადასული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნიკორას“ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა გიორგი ემხვარმა განუცხადა, თავად მაღაზია დღეს დილით, სხვა თანამშრომლებით, დეზინფექციის ჩატარების შემდეგ გაიხსნა.

„ჩვენს თანამშრომელს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ფილიალში 30 რიცხვში დაუდასტურდა კორონავირუსი. შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლები გადავიდნენ თვითიზოლაციასა და კარანტინში. გუშინ ჩაუტარდათ PCR ტესტი და დამატებით კიდევ ერთს დაუდასტურდა. დანარჩენი თანამშრომლების პასუხები არის უარყოფითი. ანუ 24 კაცია ჯამში, 2-ს დაუდასტურდა, 22 უარყოფითია და ეს 22-ივე კარანტინშია. ეს არის სრული სტაფი ერთი მაღაზიის, ცვლების მიხედვით. მაღაზია 30-შივე დაიკეტა, ჩავატარეთ სადეზინფექციო სამუშაოები. დაავადებათა კონტროლის ცენტრთან გავიარეთ ეს საკითხები. ჩვენ 24 საათის შემდეგ შეგვეძლო ამ მაღაზიის გახსნა და დღეს დილის 09:00 საათიდან მუშაობს ეს მაღაზია. ამ ორ ადამიანს, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მომხმარებელთან არანაირი შეხება არ ჰქონდათ“, - განაცხადეს „ნიკორაში“.