"გარკვეული ვადით სასტუმრო „ოაზისი“ ჩაიკეტება - დაიწყება კონფერენციაზე მყოფი 400-მდე ექიმის ტესტირება და გადანაწილდებიან თვითიზოლაციასა და კარანტინში"

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სასტუმრო „ოაზისში“ ეპიდემიოლოგიური კვლევა დაწყებულია და შედეგების მიხედვით მოხდება სასტუმროში მყოფი 400-მდე ექიმის კარანტინსა და თვითიზოლაციაში გადანაწილება.

მისივე განცხადებით, სასტუმრო „ოაზისში“ კონფერენციაზე მისი მოადგილის ჩასვლა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გადაიდო.

„დღესდღეობით მნიშვნელოვანი ვითარებაა სასტუმრო „ოაზისში“, სადაც არის 400-მდე ქართველი ექიმი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას ესწრებოდნენ, სადაც აუცილებლად უნდა ჩასულიყო ჩემი მოადგილე, თამარ გაბუნია და ასევე, რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაალ კაპანაძე. ამ დროისათვის მიგვაჩნია, რომ მათი ვიზიტი უნდა გადაიდოს, ვინაიდან იცით, რომ სასტუმროში დაფიქსირდა ვირუსი.

გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გარკვეული ვადით სასტუმრო „ოაზისი“ ჩაიკეტება, თუმცა ჩვენ ასევე მყისიერად მივიღეთ ზომები, რომ სასტუმროში დაიწყოს ეპიდემიოლოგიური კვლევა და ექიმების ტესტირება, რათა შესაბამისი პროტოკოლით მოხდეს ამით გადანაწილება თვითიზოლაციასა და კარანტინში“,- განაცხადა მინისტრმა წყალტუბოში დევნილებისათვის ბინების გადაცემის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას.