„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ეკონომიკის შეჩერებამ პრობლემები შეუქმნა ქართველ მეწარმეებს, რამაც ქართულ ბაზარზე რუსული ხორბლის მოთხოვნის გაზრდა გამოიწვია, ამ ვითარებაში კი, საქართველოს რუსეთის მიერ დაწესებული ფასებით ხელმძღვანელობა უწევს.
ჭიაბერაშვილის განმარტებით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელიც 31 ოქტომბერს უნდა შეიცვალოს.
„ეკონომიკის გაჩერებამ და ლარის დასუსტებამ უფრო და უფრო მძიმე ვითარება შეუქმნა ჩვენ მეწარმეებს, ვინც საქართველოში ხორბალს და ფქვილს აწარმოებდა და ამან კიდევ უფრო გაზარდა რუსეთზე დამოკიდებულება, რასაც მივყავართ იქამდე, რომ პრაქტიკულად რუსეთის მიერ დაწესებული ფასით უნდა ვიხელმძღვანელოთ საქართველოში, რის გამოც ჩვენ მოქალაქეებს ასეთ საბაზრო პროდუქტზე მოუწევთ უფრო და უფრო მეტი ფასის გადახდა. ეს არის ივანიშვილის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელიც 31 ოქტომბერს უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.