ბათუმში, ავტობუსის მძღოლს, რომელიც #7 ხაზზე მუშაობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, კონტაქტში მყოფი პირების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.
„გვაქვს ახლად გამოვლენილი გარემოებები ინფექციასთან დაკავშირებით, როგორც ვიცით, ჩაქვში, „დრიმლენდ ოაზისში“, დაფიქსირდა ერთი ახალი შემთხვევა, პაციენტი გადაყვანილია „ცხელების ცენტრში“ და მასთან უშუალო კონტაქტში მყოფი პირების მიმართაც განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. ჯანდაცვის მინისტრი მედიკოსებთან ერთად მუშაობს, რომ მოხდეს ყველას იდენტიფიცირება და ტესტის პასუხების შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.
ასევე გამოვლინდა ახალი შემთხვევა ბათუმში. კერძოდ, საუბარია, N7 ე.წ. ყვითელ სამარშუტო ტაქსზე, რომელიც მოძრაობს ხელვაჩაური - ბათუმის მიმართულებით და მინდა ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, რომ ვისაც შეხება ჰქონდა ამ სამარშუტო ტაქსთან მიმართოს იმ კონკრეტულ წერტილებს, რომელიც ამ შემთხვევაში მოქმედებს ბათუმში, მათ შორის ბულვარში და ლაბორატორიებში, სადაც ისინი უფასოდ შეძლებენ ტესტირების გავლას და ჩაიტარონ თვითმონიტორინგი და ასევე პროაქტიულად მოახდინონ მიმართვა შესაბამის ტესტირებებზე“,- აღნიშნა რიჟვაძემ.
მისივე თქმით, გამკაცრდება კონტროლი.
„ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ გავამკაცრეთ კონტროლი როგორც სატრანსპორტო სამსახურების მიმართ, გადაადგილების ნაწილში, ასევე გამკაცრდება კონტროლი კიდევ უფრო მეტად საზოგადოებრივი კვების ობიექტების, კლუბების, ღამის კლუბების და რესტორნების მიმართულებით. დღეს, ამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ბათუმის, ან აჭარის ჩაკეტვა არ იგეგმება. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმისთვის, რომ ჩვენ ეს რისკები ვმართოთ, ახალი კერები ჩავაქროთ, გვჭირდება მოქალაქეების მაქსიმალური ხელშეწყობა, მათი მაღალი პასუხისმგებლობა. ასევე შესაბამისი სამსახურების ეფექტური მუშაობა, რომ არ დარჩეს საჭირო ბათუმის მიმართ საკარანტინე ღონისძიებების გატარება.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ვისაც გქონდათ შემხებლობა ამ ორ ახალ ეპიდემიოლოგიური კერასთან ჩაერთონ ტესტირებაში და ჩაიტარონ ტესტი და შედეგების საფუძველზე მივიღებთ პროპორციულ გადაწყვეტილებებს. მოულოდნელი არ იყო, რომ გვექნებოდა ახალი ეპიდემიოლოგიური კერები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კი იქნება მაღალი პასუხისმგებლობა გამოჩენილი მოქალაქეების მხრიდან, ჩვენ შევძლებთ, რომ იმავე ბალანსით ვმართოთ ეს ინფექცია და გამოწვევა. დღის წესრიგში დგას, რომ ყველა არსებული რეკომენდაცია შესრულდეს ზედმიწევნით, ეფექტურად", - აცხადებს თორნიკე რიჟვაძემ.