ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერიაში კოვიდ - 19 -ის ზრდასთან დაკავშირებით საგანგებო თათბირი ჩაატარა.
როგორც არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა, ინფექციის ზრდის გამო, საჭიროა ზომების გამკაცრება, რათა სასწავლო პროცესის დაწყებამდე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლი მოხდეს.
"გვიახლოვდება სასწავლო წელი, შესაბამისად, გვმართებს, ეფექტური ნაბიჯების გადადგმა ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურების მიზნით. მიდგომები გამკაცრდება მუნიციპალური ინსპექციის მიმართულებით, უფრო მეტად გაკონტროლდება საზოგადოებრივ სივრცეებსა და ტრანსპორტში პირბადეების გამოყენების წესი. პირველ ეტაპზე შემოწმდება საჯარო და კერძო სკოლები, ხოლო მომდევნო ეტაპზე-საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები. გაგრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტის, სამარშრუტო ტაქსების, მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელების, სკვერებისა და პარკების, ატრაქციონების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ლიფტების სპეციალური ხსნარებით დამუშავება. ყველა მუნიციპალურ სამსახურს მოვუწოდებ, რომ გაამკაცროს უსაფრთხოების ზომები” , - აცხადებს ის.
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ბულვარში განთავსებულ კარვებსა და ქალაქში არსებულ კონკრეტულ პოლიკლინიკებში უფასოდ ჩაიტარონ ტესტი, რათა არ მოხდეს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმება.
არჩილ ჩიქოვანმა მოუწოდა მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, გაითვალისწინონ, შესაბამისი რეკომენდაციები, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ვირუსის გავრცელება.