"ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა"

ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ზრუნვის საგანი დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა წყალტუბოში განაცხადა, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი 140 ოჯახისთვის 2 კორპუსის მშენებლობა დასრულდა.

ცქიტიშვილის თქმით, საბინაო საკითხთან ერთად, მნიშვნელოვანია დევნილების განათლებაზე და ეკონომიკურ განვითარებაზე ზრუნვა.

„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი ტკივილი, ბევრი რთული დღე გადაიტანეთ. ამიტომ, განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც ჩვენ გვაქვს საშუალება ოდნავ მაინც შეგიმსუბუქოთ პრობლემები და ვიზრუნოთ თქვენთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნაზე. საბინაო საკითხთან ერთად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია განათლებაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე ზრუნვა. ჩვენი ინტერესია, რომ თქვენ გაძლიერდეთ და მაშინ როდესაც შევძლებთ ქვეყნის გაერთიანებას, ყველანი უნდა დაუბრუნდეთ თქვენს სახლებს, ეს არის მთავარი ამოცანა,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკვე მეორე წელია ახორციელებს 150 მილიონი ლარის ოდენობის პროგრამას, რომელიც დევნილებისთვის 2240 ახალი ბინის მშენებლობას გულისხმობს.

„უკვე დასრულდა სახლების მშენებლობა მცხეთაში 120 დევნილი ოჯახისთვის და ზუგდიდში 360 ოჯახისთვის. დამატებით, ზუგდიდში 5 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს 600 ოჯახისთვის, რაც მომავალ წელს დასრულდება. ასევე მომავალ წელს დასრულდება წყალტუბოში 6 კორპუსის მშენებლობა, სადაც 420 ოჯახი შესახლდება, ქუთაისში კი 2021-22 წლებში საკუთრებაში ბინა 800 ოჯახს გადაეცემა.

საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან ერთად, პროექტები ითვალისწინებს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, გარე განათების დამონტაჟებას, ავტოსადგომების და ბავშვებისთვის სათამაშო მოედნების მოწყობას.

საცხოვრებელი ბინები სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

კორპუსების მშენებლობების პარალელურად, 4 მუნიციპალიტეტში - კასპში, ქარელში, გორსა და მცხეთაში, დევნილთა დასახლებებში, მოწესრიგდა 23 კმ შიდა გზები, ხურვალეთსა და გუგუტიანთკარში კი - წყალმომარაგების სისტემები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.