მგზავრთა ნაწილის ინფორმაციით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის კუთხით კვლავ პრობლემებია.
„ინტერპრესნიუსი“ დილიდან რამდენიმე ათეულ მგზავრს ესაუბრა, რომელთა განცხადებების მიხედვით, პირბადის ტარების წესს ყველაზე უკეთ მეტროში იცავენ, ამ კუთხით კი ყველაზე მეტი პრობლემა მიკროავტობუსებშია.
კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას #34 სამარშრუტრო ტაქსის ერთ-ერთმა მგზავრმა განაცხადა, თავად ტრანსპორტის მძღოლს პირბადე ეკეთა, თუმცა მგზავრთა ნაწილი პირბადის გარეშე მგზავრობდა.
ანალოგიურს აცხადებს კიდევ ერთი მგზავრი, რომელმაც დღეს #11 სამარშრუტო ტაქსით იმგზავრა.
„ტრანსპორტში ბევრი მგზავრი იყო. ნაწილი ფეხზეც იდგა“, - აღნიშნა #11 სამარშრუტო ტაქსის მგზავრმა.
რეგულაციების გარკვეულწილად უგულებელყოფაზე საუბრობს ავტობუსების მგზავრთა ნაწილიც.
„#4 ავტობუსითა და #14 ავტობუსით ვიმგზავრე. მძღოლს #4 ავტობუსში ნახევრად ეკეთა პირბადე. ჩემს წინ მდგარ ორ მგზავრს კი საერთოდ არ ეკეთა. #14-ში მძღოლსაც ეკეთა და მგზავრებსაც, რადგან კონტროლიური მკაცრად აკვირდებოდა. საკმაოდ გადატვირთული იყო ორივე ტრანსპორტი მგზავრებით“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული ავტობუსების მგზავრმა.
„#79 ავტობუსით და #144 სამარშრუტო ტაქსით ვმგზავრობ ხოლმე. ძალიან ბევრი მგზავრია, თითქმის ყოველთვის. #144- ში დღეს თვითონ მძღოლსაც არ ეკეთა პირბადე“, - აღნიშნა კიდევ ერთმა მგზავრმა.
მგზავრთა ნაწილის ინფორმაციით კი, როგორც მეტროში, ისე სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსში პირბადის გამოყენების წესის დარღვევა არ შეუნიშნავს და ნიღაბი ეკეთათ როგორც მძღოლებს, ისე მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, რომ „ტრანსპორტში ბევრი მგზავრი იყო“.