რუსული ხორბალი ფასითა და ხარისხით უალტერნატივოა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა განუცხადა.
ამასთან, მინისტრის მოადგილე პურზე ფასის შესაძლო ზრდას გამორიცხავს და აცხადებს, რომ თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდება, მთავრობა შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.
ამ დროისთვის ერთი ტონა რუსული ხორბლის საექსპორტო ფასი 212-213 დოლარია. გასულ კვირასთან შედარებით ზრდამ 9-10 დოლარი, გასულ წელთან შედარებით კი, 22-23 დოლარი შეადგინა. რუსი ანალიტიკოსები ხორბლის ფასის კიდევ 12-13 დოლარით გაძვირებას პროგნოზირებენ.
მიუხედავად ყველა ფაქტორისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან არც მარაგებს და არც ფასს არასტაბილურობის საფრთხე არ ემუქრება.
,,მიმდინარე წელს მივიღეთ 150 000 ტონაზე მეტი ხორბლის მოსავალი საქართველოში, რაც საშუალო სტატისტიკურზე მეტია. რაც შეეხება მსოფლიო ბაზარს, ფასები მუდმივად მერყევია და ის რომ, ერთ კვირაში 9-10 დოლარით გაიზარდა ფასი, ვერ იქნება განგაშის საფუძველი. რუსეთში არის საკმაოდ დიდი მოსავალი, 84 მლნ ტონა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აქედან გამომდინარე, დეფიციტის შექმნის რაიმე წინაპირობა ნამდვილად არ დგას, არც ცალსახა და მკვეთრი ფასის ზრდის.
დღეს, საქართველოში 100-120 ათასი ტონა ხორბლის მარაგია, რაც საშუალო სტატისტიკურ მარაგს 20-25%-ით აღემატება. ეს არის მარაგი, რაც წისქვილებშია და რაც ბევრად დაბალ ფასშია შეძენილი, ვიდრე მისი ღირებულება დღესაა. სწორედ ესაა მთავარი, რომ გვქონდეს სტაბილური მარაგები, რომელიც ფასის დროებით მერყეობას დააბალანსებს. დღეს, მე ვერ ვხედავ ვერანაირ წინაპირობას, რომ პურზე ფასი გაიზარდოს. რაც შეეხება მთავრობის ქმედებას, ზუსტად ისე, როგორც იმოქმედა მთავრობამ პანდემიის პირველ ეტაპზე, მოვიქცევით მომავალშიც და თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდება, გვექნება სათანადო რეაქცია და მოსახლეობას შეეძლება იყოს მშვიდად, რომ არც მარაგებს და არც ფასებს არ შეექმნებათ საფრთხე“, -ამბობს ხანიშვილი.
კითხვაზე, რას აკეთებს მთავრობა დივერსიფიცირებისათვის და რომელი ახალი ბაზრების ათვისებას ცდილობს, ხანიშვილი ამბობს, რომ არავითარი შემზღუდავი ნორმა არ არსებობს და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან შეიძლება ხორბლის შემოტანა, თუმცა რუსულ ხორბალს ფასითა და ხარისხით ალტერნატივა არ აქვს.
,,მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ეკონომიკის მინისტრიც ბრძანდებოდა ყაზახეთში და შედგა შეთანხმებაც სუბსიდირების შესახებ, ყაზახური ხორბალი, მაინც ვერ უწევს კონკურენციას რუსულს. სუბსიდრების 15 დოლარი შემცირების შედეგად ტრანსპორტირება ჯდება 75 დოლარი, როცა რუსეთიდან ღირებულება 50 დოლარია. ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ჩვენს აკვატორიაში რუსული ხორბალი თავისი ხარიხით და ფასით უალტერნატივოა. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შევიძინოთ, მაგრამ არა ამ ფასად იგივე ხარისხი“, - ამბობს ხანიშვილი.