სესხის სუბსიდირების პროგრამით სასტუმროების 5%-ზე ნაკლებმა ისარგებლა - შალვა ალავერდაშვილი

მთავრობა მცირე სასტუმროებისათვის სესხის თანადაფინანსების პროგრამას 6-დან 12 თვემდე ახანგრძლივებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პროგრამას სოციალურ ქსელში, პოსტით ეხმაურება სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი. რომელიც ამბობს, რომ უკვე არსებული პროგრამით მხოლოდ 519-მა ობიექტმა, ანუ სექტორის 5%-ზე ნაკლებმა ისარგებლა.

,,ქვეყანაში გვაქვს 3500-ზე მეტი სასტუმრო, 7000-ზე მეტი "გესტჰაუსი", 12000-ზე მეტი კვების ობიექტი. მოცემული მონაცემებით სულ თანადაფინანსების შეღავათი მიიღო 519 ობიექტმა ერთად, სიაში ერთი და იგივე ობიექტები რამდენჯერმე მეორდება. რეალურად დახმარება მიუღია სექტორის 5%-ზე ნაკლებს. ეს ისე რეალობის აღქმისთვის”, - წერს ალავერდაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „აწარმოე საქართველოს“ ინფორმაციით, 30 აგვისტოს მონაცემებით სესხის პროცენტის სახელმწიფოს თანადაფინანსებისათვის, ბიუჯეტიდან 10.7 მლნ ლარი დაიხარჯა.