დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი სექტემბრის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, დარეგისტრირებულია კომპენსაციის მიმღები 251 690 თვითდასაქმებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოში განუცხადეს, თანხების ჩარიცხვა ეტაპობრივად ხდება.
„ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ პირებზე და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის ქვეშ მყოფი დროებითი ბინადრობის მოწმობის მქონე ფიზიკური პირებზე.
სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულები პორტალზე 1-ელ აგვისტომდე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. დღეის მდგომარეობით, ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია უკვე გადარიცხულია 248 286 პირზე, სულ 74 485 800 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია აგვისტოს თვეში ჩაერიცხა 95 904 პირს. ჯამში აპრილი-ივლისის პერიოდში გადარიცხულია 88 052 200 ლარი. თანხები ეტაპობრივად ირიცხება“, - აღნიშნავენ უწყებაში.